
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ამხანაგური მატჩი ითამაშა. დღეს, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქ მალმეში გამგზავრებამდე სლოვენიაში იმყოფება, ბოლო სპარინგში ალჟირის წინააღმდეგ ითამაშა და ორბურთიანი სხვაობით, 30-32 გაიმარჯვა.
გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკის შვიდგზის ჩემპიონთან თამაში დახურული იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშზეც ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ცნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში და ეს, ანგარიშიდანაც ჩანს, ორივე გუნდში საუკეთესო, „ზაგრების" ქართველი „ინსაიდი" გიორგი ცხოვრებაძე იყო. მის ანგარიშზე დღეს 15 გატანილი გოლია. ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ცხოვრებაძის კარგი თამაში ჩვენს ნაკრებს სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
მეტოქეს, ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს გიორგი არეშიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ. თითო გოლი ხაზეინ რუსტამოვის, მირიან გავაშელიშვილისა და ნიკოლოზ კალანდაძის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე (4), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე (15), ნიკოლოზ კალანდაძე (1).
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს, შეგახსენებთ, 17 იანვრიდან დაიწყებს. ჩვენი გუნდი, E ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ამ დღეს, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონს, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორს ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ, ტიტე კალანდაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს გამართავს და არანაკლებ ტიტულოვან, ევროპის ხუთგზისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, არაერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელსა და ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ფინალისტს, ჯგუფის მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება. ჯგუფის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 21 იანვარს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მონაწილეს ნიდერლანდებს შეხვდება.

|
|
|





ჩვენ









