
8-12 იანვარს, მონტე-კარლოში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. საქართველოს სახელით ჩემპიონატზე 9 მოჭადრაკე ასპარეზობდა: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, ინგა ჭარხალაშვილი, ანასტასია კირთაძე, სოფიო გვეტაძე, კესარია მგელაძე. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ჩემპიონატში სამ ათეულზე მეტი ქვეყნის, დაახლოებით ასე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ჩემპიონატის პროგრამა ელვისებური ჭადრაკის ტურნირით გაიხსნა, რომლის საპრიზო ფონდიც 15,200 ევროს შეადგენდა. 9 იანვარს, პირველობა შვეიცარიული სისტემით, 13 ტურად ჩატარდა (დროის კონტროლი: 3 წუთი + 2 წამი თითო სვლაზე) და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის, საერთაშორისო დიდოსტატის ბელა ხოტენაშვილის ვიცე-ჩემპიონობით დასრულდა. ქართველი მოჭადრაკე ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო ტურში მან მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ I-II ადგილები ნიდერლანდელ ელინე რობერსთან გაიყო, თუმცა, პირადი შეხვედრის შედეგის გამო, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
10-11 იანვარი, უკვე ქალები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრნენ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ამჯერად 31,300 ევროს შეადგენდა. ასპარეზობა კი, შვეიცარიული სისტემით, 11 ტურით ჩატარდა (დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე).
ქართველთაგან, ნინო ბაციაშვილმა ტურნირის მოგება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ ტურში ქართველმა დიდოსტატმა მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა.
სოფიო გვეტაძე კი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ქართველმა მოჭადრაკემ, 11 პარტიიდან 7,5 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ქართველმა მოჭადრაკემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

|
|
|





ჩვენ









