ნავასი ვერ გავტეხეთ - მტკივნეული მარცხი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე
ნავასი ვერ გავტეხეთ - მტკივნეული მარცხი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე
12.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების სასტარტო თამაში ევროპის ჩემპიონატზე სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა. ჩვენი გუნდი, მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 20-6 დამარცხდა.


ბუნებრივია, მატჩამდეც ნათელი იყო, რომ ბერძენი სპეციალისტის საკის კეჩაგიასის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებიც კი, რთული ამოცანის წინ იდგა. ის, რომ გარეგანი სიმშვიდის მიუხედავად, ქართველი წყალბურთელები ღელავდნენ, ისიც მეტყველებს, რომ შეხვედრის სტარტზე, რომელიც ქართველთა გუნდმა კარგად დაიწყო და ძლიერ მეტოქე, რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, შეიძლება ითქვას, მიაჯაჭვა საკუთარ კარს, ბურთის გატანა ვერ მოახერხა - 4 უძლიერესი დარტყმიდან, სამი ხარიხამ მოიგერია, ერთი მეკარე. ამის საპასუხოდ კი, ბერძნებმა გაგვიტანეს და პირველი პერიოდი 3-0 მოგვიგეს.


ამის შემდეგ კი, მეორე პერიოდში საბერძნეთის ნაკრებმა რეალურად თამაშის ბედი გადაწყვიტა როდესაც, 9-2 მოგვიგო. ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა გუნდიდან პირველი გოლი, იოვან სარიჩმა გაიტანა. გამოცდილმა მოთამაშემ, კარგად გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. ამის შემდეგ, ნიკა შუშიაშვილის გადაცემის შემდეგ სტეფან პიეშივაცმა გაიტანა. სხვათა შორის, შეხვედრის ამ მონაკვეთში, პენალტის მოგერიება მოახერხა ირაკლი რაზმაძემაც. პირველი ტაიმი ბერძნებმა, 12-2 მოგვიგეს.


მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებთან შედარებით უფრო სუსტ, სლოვენიის ნაკრებთან უწევთ თამაში, ჩვენი მოწინააღმდეგე ბოლომდე გვებრძოდა. მესამე პერიოდი ერთი ბურთით 3-2, ხოლო ბოლო 5-2 მოგვიგეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა ვატო დადვანმა, დუშან ვასიჩმა. ბოლო მონაკვეთში კი, ქართველთა ნაკრებმა კარგად გამოიყენა ორი კონტრშეტევა, თუკი, პირველ ვარიანტში დუშან ვასიჩმა გაიფორმა დუბლი, ქართული გუნდიდან დღევანდელ შეხვედრაში ბოლო, მე-6 ბურთი, ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა.


იხილეთ მატჩის სრული ოქმი ბმულზე.


პირველი სათამაშო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზეა თანაბარი ქულებით სლოვენიის ნაკრებთან ერთად, რომელმაც დღეს, ხორვატიასთან 20-4 წააგო, თუმცა, ქართველთა გუნდზე ნაკრები ბურთი გაიტანა. მომდევნო თამაშს, საქართველოს ნაკრები 13 იანვარს არანაკლებ ძლიერ, თუმცა, სრულიად სხვა სტილის ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი,  17 იანვარს სლოვენიის წინააღმდეგ ჩაატარებს.


დიდი ალბათობით, სწორედ სლოვენიის ნაკრებთან დაპირისპირებაში გაირკვევა მოახერხებენ თუ არა ქართველი წყალბურთელები ჯგუფიდან გასვლას. ტურნირის ახალი ფორმატის მიხედვით, ოთხი, ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მეორე ეტაპზე ასპარეზობას 3-3 გუნდი აგრძელებს. ამავე ფორმატის მიხედვით, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ჩვენ, D ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან დავწყვილდებით და კიდევ სამ შეხვედრას გავმართავთ. მეორე ეტაპზე, თუკი ორ თამაშს მოვიგებთ, მაშინ, ჩვენი ნაკრები საბოლოოდ, 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს. თუმცა, მანამდე ჯერ პირველი ეტაპის დარჩენილი ორი მატჩია სათამაშო. ფაქტია, რომ დღეს, ბერძნებთან ურთიერთშეხვედრებში, ნავსი კვლავ ვერ გავტეხეთ.