ხელბურთელებმა 2026 წლის პირველი შეხვედრა მოიგეს - კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
ხელბურთელებმა 2026 წლის პირველი შეხვედრა მოიგეს - კალანდაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
10.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოლო დეტალებს სლოვენიაში ხვეწავს. ტიტე კალანდაძის გუნდმა დღეს, დაგეგმილი ორი სპარინგიდან პირველი ჩაატარა ქუვეითის ნაკრების წინააღმდეგ და ოთხბურთიანი სხვაობით, 28-24 მოიგო.


გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა დახურული იყო, თამაშის შესახებ, ხელბურთს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ტიტე კალანდაძის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი დიხამინჯია იყო. ისლანდიის „აკიურეირის" გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, ამ ფორმაციის ნაკრებში ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ გვევლინება. წლის ბოლოს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის მსგავსად, რომელშიც დიხამინჯიამ 15 გოლი გაიტანა, ამჯერადაც შედეგიანად ითამაშა და მეტოქეს 8 გოლი გაუტანა.


დღევანდელ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა გიორგი ცხოვრებაძემ, 5 გოლი კი, ნიკა კალანდაძის ანგარიშზე იყო. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს ასევე მირიან გავაშელიშვილი (3), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე (1), ერეკლე არსენაშვილი (3).


შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგი რუხაძე, გიორგი არსენიძე.


ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო სპარინგს საქართველოს ნაკრები ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.