საახალწლო საჩუქარი ხელბურთის მოყვარულებს და სპორტულ კოლექციონერებს ეროვნული ბანკისგან
საახალწლო საჩუქარი ხელბურთის მოყვარულებს და სპორტულ კოლექციონერებს ეროვნული ბანკისგან
09.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 17 იანვარს, რიგით მეორე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ამ  მოვლენასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო ვერცხლის მონეტის გამოშვების თაობაზე განაცხადა. 1 ლარის ნომინალის ვერცხლი მონეტა საერთო ჯამში 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.

ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მონაწილეობის გარდა, 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება. შესაბამისად, ამ ორ თარიღთან დაკავშირებით, ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა.


საკოლექციო მონეტის სახელად „ხელბურთი 2026" დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. მონეტების დიზაინის სრულყოფილი სახე ყაზახეთის ზარაფხანაში  მისცეს და იქვე, ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს.


ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ლოგოს დეტალები - ორნამენტის სახით შესრულებული ჯიქის გამოსახულება (რომელიც ბურთს ეხება) საქართველოს დროშის ფონზე (დროშის დეტალები წითელ ფერშია წარმოდგენილი). მონეტის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია მონეტის ნომინალური ღირებულება, ხოლო კიდეზე, წრიულად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილე" და „1956-2026".

რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კარში გატანილი ბურთის რელიეფური გამოსახულება, რომელზეც დატანილია საქართველოს ხელბურთის ასოციაციის ლოგოს დეტალის ცისარტყელასებრი გამოსახულება, მის ქვემოთ დატანილია წარწერები „EHF EURO 2026", ხოლო ზემოთ - „საქართველო" და „Georgia", რომელთა შორის ვარსკვლავია გამოსახული. კიდეზე, წრიულად განთავსებულია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „GEORGIAN HANDBALL NATIONAL TEAM AT EURO 2026" და „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2026 ჩემპიონატზე".


  • ნომინალი: 1 ლარი
  • შემადგენლობა: Ag 925
  • წონა: 20 გრ
  • დიამეტრი: 33 მმ
  • წიბო: გლუვი
  • ხარისხი: პრუფი
  • გამოშვების წელი: 2026
  • ტირაჟი: 3000
  • დიზაინერი: გიორგი ჟღენტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
  • ზარაფხანა: ყაზახეთის ზარაფხანა (Kazakhstan Mint)


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მონეტების შეძენა  შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს 1 ცალი მონეტა.


საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მონეტის შეძენა ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:

  • საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
  • ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
  • ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/



ფოტო: ეროვნული ბანკი