გიორგი გულიაშვილმა ზამთარში ბოსნიას ესპანეთი არჩია და იქ, 2029 წლამდე დარჩება
გიორგი გულიაშვილმა ზამთარში ბოსნიას ესპანეთი არჩია და იქ, 2029 წლამდე დარჩება
09.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

ესპანური ლიგა 2-ის ლიდერმა, ცოცხალ ცხრილში, სანტანდერის „რასინგმა" დღეს, ბოსნიურ „სარაევოსთან" მიღწეული შეთანხმება გაასაჯაროვა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ქვეყანა და კლუბი შეიცვალა და ის, ამიერიდან 2029 წლის 30 ივნისამდე, ესპანური კლუბის ღირსებას დაიცავს.


ტრადიციულად, ესპანური კლუბი 25 წლის ქართველის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ 2001 წლის 25 სექტემბერს თბილისში დაბადებულს, ბოლო სამი სეზონი ბოსნიურ „სარაევოში" აქვს გატარებული, ადგილობრივ ჩემპიონატში- ბოსნიურ პრემიერ ლიგაში, ჩატარებული აქვს 70 მატჩი, რომლის დროსაც 23 გოლი აქვს გატანილი და 15 საგოლე გადაცემა გაკეთებული.


ფეხბურთელის სიმაღლე, წონა, კარიერა საკლუბო და სანაკრებო (საერთო ჯამში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 6 და ასაკობრივ (16 და 21 წლამდე) 61 მატჩი) კარიერის გარდა, „რასინგი" გულიაშვილის პირველ ნაბიჯებსაც აცნობს - „იბერია 1999"-ში გატარებულ წლებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის დროსაც 203 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი, 26 საგოლე გადაცემასთან ერთად.


ამ მომენტში, გულიაშვილის ახალი გუნდი 38 ქულით ლა ლიგა 2-ის გათამაშებას სათავეში უდგას და ძლიერთა ლიგაში დაწინაურების კარგი შანსები აქვს. უახლოეს შეხვედრას „რასინგი" 11 იანვარს, საშინაო კედლებში „სარაგოსას" წინააღმდეგ ითამაშებს.


ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ლა ლიგა 2-ში, გიორგი გულიაშვილის გარდა, მიმდინარე სეზონში ჩვენი ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის კიდევ ორი წარმომადგენელი, ლუკა გაგნიძე და იური ტაბატაძე თამაშობენ.