საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ თბილისური სამზადისი დაასრულა
საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ თბილისური სამზადისი დაასრულა
06.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 7 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადება. ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ სპარინგს გამართავს.


„სლოვენიაში, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გვექნება ალჟირთან და ქუვეითთან ორი დახურული მატჩი და შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გველის ძალიან ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან. ეს იქნება პირველი მატჩი ჯგუფში და არის დიდი მოლოდინი, რადგან ჩვენი გუნდისთვის არის ახალი გამოწვევა ჩვენი ბიჭებისთვის. ჩვენ, მივეჩვიეთ საბერძნეთთან, ბოსნიასთან და მსგავს გუნდებთან წარმატებებს და ახლა, დროა, დავიწყოთ ფიქრი უკვე უფრო ძლიერ მეტოქეებთან ტოლსწორად თამაშზე, რადგან ჩვენი ნაკრები მზარდი გუნდია და ჯერ-ჯერობით იმ ეტაპზე არ მივსულვართ, სადაც ვიტყვით, რომ ამის იქით, ჩვენ არ შეგიძლია. რა თქმა უნდა განწყობა არის საბრძოლო, გუნდი დიდი ხანია თბილისში ემზადება. ამხანაგური მატჩები გვქონდა საუდის არაბეთთან და საიდანაც პირველი სპარინგი ითამაშა მეორე გუნდმა, თუმცა, არც მეორე შეხვედრაში უთამაშია ძირითად შემადგენლობას. ცხოვრებაძემ არ ითამაშა, რადგან სიცხიანი იყო, ამავე მიზეზით არ უთამაშია არც კალანდაძეს. ტრავმით იყო ეკე არსენაშვილი და არც ის შესულა სათამაშოდ. კბილაშვილმაც, ძალიან შეზღუდული დროით ითამაშა. ფაქტიურად ისიც ექსპერიმენტული შემადგენლობა იყო. დიხამინჯია იყო ფორმაში და იმან, 15 გოლიც შეაგდო", - ამბობს ჩვენთან საუბარში ლევან სალუქვაძე, ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.


სლოვენიაში გამგზავრებამდე კი, ჩვენმა ნაკრებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით ბოლოჯერ ივარჯიშა. ხვალიდან, ტიტე კალანდაძის განკარგულებაში 16 კალათბურთელი იქნება: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგი რუხაძე, გიორგი არსენიძე,


ქართული ხელბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, თბილისში გამართულ ბოლო ბრძოლაში დაიმტვრა და ჯერ ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. თუმცა, კაპიტანი დღეს გუნდის თამაშს დაესწრო. ევროპის ჩემპიონატზე მის არ ყოფნაში, საქართველოს ნაკრების კაპიტნის მისიას გუნდის გამოცდილი მეკარე, ზურაბ ცინცაძე ითავებს.


„დღითიდღე შევდივართ უკეთეს ფორმაში. ჩვენს მინუსებს რაც ბოლოს გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში გვქონდა ვასწორებთ და უკეთ ვართ. რაც მთავარია, ახლა მივემგზავრებით სლოვენიაში და გვექნება კიდევ ორი ამხანაგური თამაში, სადაც შევხედავთ კიდევ რა გვაქვს გამოსასწორებელი. პირადად მე კლუბში კარგი სეზონი მაქვს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანას გამოვადგები. არ დავზოგავ ძალებს, მითუმეტეს, ნაკრებში ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია ყოველთვის თამაში. უფრო ზუსტად, ჩემს თავს ვახტებოდი ხოლმე, რაც შემეძლო, იმაზე მეტს ვაკეთებდი. ახლაც იმის იმედი მაქვს, რომ ქვეყნის სახელით თამაში, იმაზე მეტს გამაკეთებინებს რაც შემიძლია. მთავარია, თამაშები მოვიგოთ და თუ საჭირო გახდება, მაგაზეც არ ვიტყვი უარს", - ამბობს ჩვენი ნაკრების მეკარე და კაპიტანი ზურაბ ცინცაძე, რომლისთვის არც გოლის გატანაა უცხო.  


სლოვენიაში მოსამზადებელი ციკლის ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრები შვედეთში გადაინაცვლებს და მალმეში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებს ჩაატარებს.   



ფოტო: ხელბურთის ფედერაცია