
არაჩვეულებრივი თემაა სტადიონების აშენება. ამას მოჰყვება კომფორტი, რომელიც თამაშებზე მისულ გულშემატკივარს უნდა შეუქმნა. თუმცა, თამაშებზე რომ გულშემატკივარმა უნდა იაროს, ამას წყალი არ გაუვა, არც მთის და არც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის პირას ჩამოსხმული და ყველასათვის საყვარელი. ფაქტია, რომ თუკი, ჩვენ დავიწყეთ ხმამაღლა ლაპარაკი ეროვნულ ჩემპიონატსა და ქართული გუნდების ალბათ, უფრო უიღბლობაზე, როდესაც წლებია წყალში გვეყრება ბევრი ადამიანის შრომა და ვერ ვხდებით ევროტურნირებზე, ამ დროს მეზობელმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშკარად გვაჯობეს, მხოლოდ ქართული კლუბების მენეჯმენტზე, სადაც ნამდვილად არის ბევრგან „ამოსაქაჩი", ხელის გაშვერით და წუწუნით, ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში ქრონიკული გინებით, თუნდაც სტადიონებზე, 10-კაციან ჯგუფებად მისულ-მაგინებლებით შორს ვერ წავალთ. მთქმელმა თქვა და გამგონემ უნდა გაიგოსო, ჰოდა, უკვე გასული, 2025 წლის GFF Awards-ზე „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას გრძელი სიტყვიდან, წავალ წამოვალ და ერთ კითხვას ვუბრუნდები, „ჩემს თავს ვუთხარი, შენ რა გააკეთე, რომ არ წაეგოთ?"-ო.
"რამდენიმე მომენტს მინდა ხაზი გავუსვა. 2025 წელს გულდაწყვეტილი არა, მაგრამ იმედგაცრუება მქონდა რაღაც-რაღაც მომენტებზე და მინდა გაგიზიაროთ. ერთი მომენტი, გულდაწყვეტის იყო, თბილისის „დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა, რომ წააგო თამაში მინსკის „დინამოსთან". ჭკუაზე არ ვიყავი ისე მეწყინა, იმიტომ რომ პირველი თამაში მოგებული გვქონდა და ეს ახალგაზრდა ბავშები, გადიოდნენ ლიგაზე. მეორე თამაში წააგეს და რომ ვნერვიულობდი, ჩემს თავს ვუთხარი, შენ რა გააკეთე, რომ ამათ წააგეს.
აღმოჩნდა, რომ იზარმაცე, თამაშზე არ მივედი და გაზეთში წავიკითხე და მოვისმინე, რომ წააგეს. თემა რაშია - ჩვენი ის მხარდაჭერა, რომელსაც ეძახიან მე-12 მოთამაშეს, ეს გაცილებით დიდი ვალდებულება ყოფილა, ვიდრე მეგონა. გულშემატკივარი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძახის მე-12 მოთამაშეს... ხშირად დაგინახავთ ხომ მესი, რონალდო ხალხს უძახის მხარი დაგვიჭირეთ, ძალა არ გვყოფნის, მოგვეხმარეთ, რომ შევუტიოთო... ეს მომენტები ჩვენ, 2024 წელს გვქონდა დიდად, არმია ჩავიდა საგულშემატკივროდ, მთელს მსოფლიოს მოვედეთ და პირველი ადგილი ავიღეთ ამ გულშემატკივრობაში, რაც წარმოუდგენლად დიდი მოტივაცია იყო ფეხბურთელებისთვის. 2024 წელს გული დამწყდა, რადგან თურქეთთან შეგვეძლო მოგვეგო, რაღაც „ჯიგარით" არ გავიდა ბოლომდე. მაგრამ ეს იმედგაცრუება არ არის, ეს გულდაწყვეტაა.
ვარ იმედიანად, რადგან მსოფლიოს დავანახეთ, რომ ქართველები თამაშობენ ფეხბურთს. იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენი კაპიტანი კახა თამაშობდა და ვლოცულობდით ერთ ფეხბურთელზე და ყველა „მილანის" საქომაგოდ გადავედით. მერე, კობიაშვილმა სამი ბურთი რომ შეაგდო, ჰეთ-თრიქი რომ გააკეთა, საერთოდ გადავირიეთ. ეს ეპიზოდური იყო, მაგრამ ახლა ისეთი თაობა არსებობს, რატომ ვახსენე დასაწყისში ბავშვების ლიგაში მოხვედრა? იმიტომ, რომ ადრე ეს ახალგაზრდები მიდიოდნენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მანამდე ჩივაძეს და მის თაობას, რომ ჰქონოდა ლიგაში მოხვედრის შესაძლებლობა კარგი იქნებოდა.
ჩვენი მიზანი რა არის? ბავშვები უნდა გაიზარდონ იმ მენტალიტეტით - ლიგაში უნდა თამაშობდნენ ბავშვები, ახალგაზრდები, რომ ერთი ნაბიჯით შევიდნენ იქ. თუ გადახედავთ ნაკრებებს, სულ 17-18 წლის ბავშები თამაშობენ ლიგაზეც და ჩემპიონატებზეც. თუმცა, მოხდა რა - ჩვენ ვთამაშობთ, 90-იანი წლებიდან თავისუფალ საქართველოში, საქართველოს ჩემპიონატზე და საქართველოს, სერიოზული ჩემპიონატი სულ 4-5 გვაქვს ნათამაშები. წლებს, თავი დავანებოთ. წლებს მე უნდა ვითვლიდე, ფეხბურთელები არა!
ჩვენ რას ვაძლევთ ფეხბურთელებს, რა სიტუაციას და მერე რატომ ვითხოვთ? ჩვენ, სტადიონებზე არ დავდივართ და ვითხოვთ ლიგაში მოხვედრას. როგორ მოხდება ტაშის დაკვრის გარეშე, წეღან რომ ვახსენე, რონალდო რომ უძახის ხალხს მოგვეხმარეთო, ჩვენ კიდევ ტელევიზორთან ვსხედვართ და... ისე გული მწყდება, ის ახალგაზრდები ლიგაზე რომ არ მოხვდნენ... მაგრამ ეს არის დროებით, 2026 წელს, მგონია, ძალიან მაგრად უნდა დავცხოთ. ამიტომ ასე დავამთავრებ, ვიყოთ რა მე-12 მოთამაშე. ჩვენ ვიყოთ მე-12 მოთამაშე!" - ამბობს თემურ ჭყონია.
ფეხბურთი, სახალხო თამაშია. ათეული წლები უნდა დასჭირდეს ყოველ შემთხვევაში, თუ მეტი არა, რომ საქართველოში ამ სპორტის სახეობას სხვა რომელიმე ჩაენაცვლოს. პირადად მე, 6 წლის ასაკიდან მახსოვს სავსე „დინამო არენა", სტადიონის ხმა, ბალახის სუნი, მართალია, ბოლო წლებია აკრძალეს, მაგრამ ბავშვობიდან გამოყოლილი მაქვს სიგარეტის სუნიც, ტრიბუნებზე რომ ეწეოდნენ და მამის და ბაბუის დარიგება, გოლს რომ გავიტანთ, არ წამოხტეთ, რომ ადგილი არ დავკარგოთო. სტადიონზე სიარული და საყვარელი გუნდის ქომაგობა, გამარჯვების დროსაც და მარცხისასაც, წვიმაში, ქარში, თოვლში, სიცხეში, მე ბავშვობიდან მასწავლეს, „დინამო არენის" აღმოსავლეთ ტრიბუნის პირველი იარუსის მე-15 სექტორიდან (ზედა სექტორში „ჯუნგლები" ისხდნენ, მაშინ თბილისში ეძახდნენ ასე ტრიბუნას). მაშინ, ჩემნაირი თითქმის ყველა ოჯახი იყო, ყველა თუ არა. ჰოდა, იყო გუნდიც, იმ პერიოდისთვის საქართველოში აკუმულირებული.
ახლა, ასეთი გუნდი ბევრ ქალაქს ჰყავს საქართველოში, მეტ-ნაკლებად გულშემატკივრის ტევადი სტადიონებით, სადაც ზოგან ტრიბუნა გადაძეძგილი ჩანს, ზოგან ცარიელი. ეროვნული ნაკრების თამაშებზე ბილეთს ვერ იშოვი, ახალგაზრდულზე, ასაკობრივებს საერთოდ აღარ ვიძახი, ქუდს ვერ შემოუგდებ იმავე კატეგორიას, არადა რიგი ფეხბურთელების ხან იქ თამაშობს ხან აქ. ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორედ მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე, დაახლოებით 18 იანვრისთვის გუნდი ლატვიაში გაემგზავრება, თუმცა, საგზურის მოსაპოვებელ გადამწყვეტ თამაშზე, თბილისის ოლიმპიური სასახლის სიცარიელე, ძალიან დამთრგუნველი იყო. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან ახლები, იცვლებიან ფედერაციის მართველი გუნდებიც, თუმცა, თუკი ერთი საათითაც კი, შეჩერდა 1990 წელს დაწყებული საქმე, ფეხბურთი და ზოგადად სპორტი, ისეთი საქმეა, მის „ამოსაქაჩად" კიდევ 30 წელი დაგვჭირდება.
მოკლედ, თუ გვინდა შედეგი, მოდით, 2026 წლიდან დაიწყეთ სტადიონზე სიარული, დაიწყეთ ქომაგობა (გინება არა!), მოთხოვეთ სტადიონზე ფეხბურთელს და არა კომპიუტერთან, უმეტეს შემთხვევაში ყალბ „ექაუნთს" ამოფარებულებმა ფეხბურთელების ლანძღვითა და დამცირებით. ფაქტია, რომ თუ გვინდა შედეგი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი ერთად უნდა გავიზარდოთ. ისე, ზოგ შეთხვევაში მედიის წარმომადგნელებიც, რომლებიც, მხოლოდ მაშინ ვყვირით თუ საკრიტიკოა და თამაშებზეც მაშინ მივდივართ, თუ რომელიმე გადამფრენ ფრინველს „პერო" ჩამოუვარდება.

|
|
|





ჩვენ









