
ადამიანი, რომელმაც ბათუმის „დინამოს" „პრობლემების მოგვარება" ითავა და 2026 წლიდან აჭარული კლუბის მართვას შეუდგება ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა. სწორედ თემურ მიქელაძე არის სააქციო საზოგადოება დ.ბ. 1923-ის დამფუძნებელი. ბათუმში დაბადებულ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ორი მსხვილი კომპანიის - „მეტროპოლისა" და „კროკობეთის" თანადამფუძნებელია, ახალი წლიდან რიგი შეზღუდვების ფონზე, მოუწევს გუნდს, ის სახე და ფორმა დაუბრუნოს, რომლითაც „დინამომ" ბათუმელი ქომაგი გაათამამა.
კლუბის ახალი მფლობელის განცხადებით, რომელსაც ამ ეტაპზე ბათუმის „დინამოს" ოფიციალური გვერდი ავრცელებს, სააქციო საზოგადოებად კლუბის გარდაქმნა, რომელიც ქართული რეალობისთვის სიახლეა, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს კლუბის აქციები, მათ შორის გულშემატკივარს.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის დინამოსთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ ვარ ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურიძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ ბათუმის დინამოსთან ერთად მიაღწიეს.
ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.
ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს ამ ფორმით. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს.
მჯერა, რომ დინამო ბათუმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერებაა, ეს კლუბის ხედვის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. ამასთან ერთად ჩვენი გუნდის სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ დინამოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას.
აქვე, მადლობას ვუხდი კლუბის ადმინისტრაციას, თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი ღირსეული დამოკიდებულებისთვის და სირთულეების მიუხედავად, მათი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის.
გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქის საოცარ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ", - ნათქვამია თემურ მიქელაძის განცხადებაში, რომელსაც აჭარული კლუბი ავრცელებს.
კლუბის ინფორმაციითვე ბათუმის „დინამოს" ახალი პრეზიდენტი მაღალი დონის აკადემიური განათლებით გამოირჩევა. იგი თბილისის, სოფიისა და როტერდამის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ასევე გავლილი აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და INSEAD-ის მართვის პროგრამები და ამ უნივერსიტეტების ალუმნის წევრია.
კლუბში მიმდინარე, არსებული მდგომარეობის შეფასების პროცესის პარალელურად მენეჯმენტის განახლება გაგრძელდება. ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დინამოში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ამიტომ ყველა სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათო, ესეც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი.

|
|
|





ჩვენ









