
ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. უკვე ტრადიციულად, თამაშებში მონაწილეობას ქართული გუნდი მიიღებს. ზამთრის სახეობის წარმომადგენლები ალბათ არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ მედლების მოგების შანსი ყველაზე მეტად ფიგურულ ციგურაობაში გვაქვს. ამასთან ინდივიდუალური დისციპლინების გარდა, ჩვენები გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, ოლიმპიური თამაშები, გრძელი სეზონის „დიდი გაჩერებაა" და ახალ, 2026 წლის სეზონში ჩვენებს, კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. მანამდე, კი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა 2025 წელი შეაჯამა, რომელიც რეალურად, არც წარმატებული იყო.
„ჩემო ძვირფასებო,
მიიწურა 2025 წელი - წელი, წარმატებებითა და უამრავი გამოწვევით სავსე...
დღეს, სწორედ ის დროა, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი გასული წლის სპორტულ შედეგებს და ამავდროულად, მომავლის დიდი იმედითა და პოზიტიური მოლოდინებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.
ახალი 2026 წელი - წელი, ახალი შესაძლებლობებისა და იმედების, ბრძოლისა და ამ ბრძოლაში, ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და საუკეთესო ინტერესების წარმოჩენის წელი.
ბევრი უმნიშვნელოვანესი ასპარეზობით დატვირთული იქნება წელი 2026.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და ოთხწლეულის უმნიშვნელოვანესი ფორუმი - 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლისკენაც მიმავალი გზა რუდუნებით, მონდომებითა და გააზრებული ნაბიჯებით, მხოლოდ წინსვლითა და ბრძოლით გავიარეთ და მაქსიმალური შედეგით, ყველა კატეგორიაში ოლიმპიური საგზურებითა და ჩვენი ერთიანი გუნდით წარვდგებით მეგობრობის, სამართლიანი თამაშისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით სავსე სპორტისა და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციის ამ მსოფლიო სპორტულ ფორუმზე - ზამთრის 2026 წლის მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის დიდ ოჯახს - სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ჟურნალისტებს, ერთგულ გულშემატკივრებს, ჩვენ მუდმივ მხარდამჭერებს საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ვულოცავ დამდეგ 2026 წელს. ახალი წელი ყოფილიყოს სიმშვიდის, პროფესიული საქმიანობის სრულფასოვნად გაგრძელებისა და ქართველ მოციგურავეთა გამარჯვებებით განცდილი იმ უამრავი სასიამოვნო ემოციით სავსე, ასე რომ გვაძლიერებს და სიამაყით გვავსებს.
ჩვენ პატარა, მაგრამ მდიდარი კულტურის, ღირებულებებისა და სახელოვანი სპორტული ტრადიციების ერი ვართ, ამიტომ ჩვენი სპორტსმენები ბოლომდე დარჩებიან ამ ეროვნული სულისკვეთების ერთგულნი.
გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!" - ნათქვამია მარიამ გიორგობიანის საახალწლო მიმართვაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ფიგურულ ციგურაობაში შემდეგი 6 სპორტსმენით, 4 სახეობაში იქნება წარმოდგენილი: ნიკა ეგაძე (ერთეული კაცები), ანასტასია გუბანოვა (ერთეული ქალები), დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) და ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილი).

|
|
|





ჩვენ









