ხვიჩა კვარაცხელია „სარბიელის“ ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია „სარბიელის“ ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია
26.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელიწადში ხვიჩა კვარაცხელიას შვიდი ტიტული საკმარისი არ გახდა, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის სახალხო ელჩია უცხოეთში, ეღიარებინათ 2025 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, ქართულმა სპორტულმა მედიამ, „კვარა" საუკეთესოდ აღიარა. ქართული სპორტული გაზეთის „სარბიელის" 2025 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა 78-მა ჟურნალისტმა მიიღო. მათგან 77-მა (ესეც, ალბათ სიმბოლურად, სიმბოლოები კი, ზოგჯერ მნიშვნელოვანია) საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს შვიდიანს მიაკუთვნა პირველი ადგილი.


ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს - 2, მესამეს - 1. ქულების დაჯამების შემდეგ, ხვიჩამ 232 ხმა მიიღო. საერთო ჯამში, ქართული მედიის ყურადღების არეალში 9 ფეხბურთელი მოექცა. მეორე ადგილი, 96 ხმით გიორგი მიქაუტაძემ მიიღო, მესამე კი, გიორგი მამარდაშილი იყო 61 ხმით.


მაინც, თუ „კვარას" პირველობაში ვინმეს ეჭვი ეპარება გავიხსენოთ 2024-2025 წლების სეზონში და სრულ 2025 წელს, „კვარას" ტიტულები:  იტალიის სერია A-ს გამარჯვებული, საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული, საფრანგეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ფიფა-ს საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი. მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში. ამ ჩამონათვალს „კვარას" თითო გოლიც ამშვენებს ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინეტთაშორისო თასის ფინალებში.


აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩასთვის ეს რიგით მესამე აღიარებაა 2020 -2021 და 2022-2023 წლების გამოკითხვის შემდეგ. შესაბამისად, „კვარაც", შოთა არველაძის მსგავსად, ამ ჯილდოს მესამედ ეუფლება.


2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი „სარბიელის" ვერსიით, საბა გოგლიჩიძე გახდა. იტალიური „უდინეზესა" და ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველმა 76-დან 55 ხმა მიიღო, ორმა ჟურნალისტმა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის დასახელებიდან თავი შეიკავა.  


ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელი კი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ერთპიროვნულად „სარბიელის'' რედაქციამ დაასახელა, ამჯერად ალექსანდრე ჩივაძე გახდა. „ჩივას" გარდა, ამ პრიზის ლაურეატები იყვნენ მანუჩარ მაჩაიძე და მურთაზ ხურცილავა.


აქვე გეტყვით ჩვენი სპორტული ვებ-გვერდის რჩეულებს:  ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე.


და ბოლოს, შეგახსენებთ რომ „სარბიელის'' გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქართველი ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, პროექტი შეჩერდა და 10 წლიანი წყვეტის შემდეგ, ის 2018 წელს კვლავ აღდგა.



სტატიაში გამოყენებულია სარბიელის ფოტო-კოლაჟი