
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, წყალბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემიონატის წინ ბოლო მოსამზადებელ ეტაპს ნიდერლანდებში გაივლის. ათანასიოს კეჩაგიასის გაწვრთნილი გუნდი ბოლო შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობით (გიორგი გვეტაძე, ირაკლი რაზმაძე, საბა ტყეშელაშვილი, ვაკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, სტეფან ოიესივაჩი) საქართველოდან ახალი წლის დადგომასთან ერთად, 1 იანვარს გაემგზავრება. უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ კი, ბელგრადში გადავა.
ნიდერლანდების შეკრებამდე, ქართველთა ნაკრებმა მოსამზადებელი ციკლის ერთი ეტაპი მონტენეგროში გაიარა. ერთკვირიანი შეკრების მანძილზე საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური სპარინგიც გამართა და მატჩის ბოლო მონაკვეთში დამარცხდა 18-13. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრაში ანგარიშში მონტენეგროელები დომინირებდნენ, პერიოდების მიხედვით, პირველი პერიოდის გარდა, რომელშიც მასპინძლებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს (5-2), თამაში დაძაბულად წარიმართა (3-2, 5-5, 5-4). ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სამ ბურთამდე შეამცირა და ახლოს იყო, კიდევ უფრო მიახლოებოდა მოწინააღმდეგეს (15-12), თუმცა, აქ, მონტენეგროელებმა უფრო ცივსისხლიანად იმოქმედეს და 3 გოლი გაგვიტანეს, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ ერთით ვუპასუხეთ.
ქართველთაგან, ყველაზე შედეგიანი ვაკო დადვანი იყო, რომლის ანგარიშზეც ოთხი გოლი დაგროვდა.

წყალბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10-25 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთის, ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად B ჯგუფში იასპარეზებს:
11 იანვარი / საბერძნეთი - საქართველო
13 იანვარი / საქართველო - ხორვატია
15 იანვარი / სლოვენია - საქართველო
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტში ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ევრო 2026 ახალი ფორმატით ჩატარდება. ევროპის ჩეპიონატის შედეგებით განისაზღვრება 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „ევროპული წარმომადგენლობა", თუმცა, ისევე, როგორც იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიბევებენ ადგილს.

|
|
|





ჩვენ









