გამოკითხვა, რომელიც გვინდა ყოველწლიური დაჯილდოება გახდეს - ჩვენი, მედიის მადლობა ქალ ფეხბურთელებს
გამოკითხვა, რომელიც გვინდა ყოველწლიური დაჯილდოება გახდეს - ჩვენი, მედიის მადლობა ქალ ფეხბურთელებს
26.12.2025
ავტორი: TSFF.Ge

ჩვენი ვებ-გვერდის სოციალური ქსელით 25 დეკემბერს მთელი დღის მანძილზე გაცნობდათ ჩვენს, სპორტული მედიის რჩეულებს - გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ქართულიც ქართული სპორტული მედიის ნაწილს ეკუთვნის. იმ მედიისა, რომელიც არა მხოლოდ 2025 წელს, არამედ, დაახლოებით 10 წელია, ჯერ კიდევ ქალთა ლიგის დაარსებამდე, ცდილობდა საზოგადოებისთვის ქალთა ფეხბურთის შესახებ, მცირე ინფორმაცია მაინც მოეწოდებინა.


წელს პირველად და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება, ჩვენმა სპორტულმა ვებ-გვერდმა TSFF.Ge-მ, კოლეგებთან, სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად, გადაწყვიტა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელები გამოევლინა. აღნიშნულ გამოკითხვას კი, ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, გვინდოდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ქალი, ვინაიდან, გულშემატკივარი ძირითადად მათ იმახსოვრებს, ვისაც ყველაზე მეტი გოლი გააქვს. თუმცა, ამ გოლებს მიღმა, ძალიან ბევრი ადამიანის შრომა ხშირად, შეუმჩნეველია. მეორე მიზანი კი, რაც შეიძლება მეტი ქალი ფეხბურთელის წახალისება იყო.


აქ გთავაზობთ ჩვენი ნომინაციების და იქ გამარჯვებულთა შესახებ სრულ ინფორმაციას. ამად გარდა დავაკონკრეტებთ, რომ 6 ნომინაციაში გამარჯვებულები სპორტული მედიის 20-მა წარმომადგენელმა გამოვავლინეთ. კანდიდატებზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ვიმსჯელეთ, იყო აზრთა სხვადასხვაობები (ყველაზე მეტი ნიკა მითაიშვილთან ვიკამათეთ), თუმცა, საბოლოოდ, ქალთა ფეხბურთის სასიკეთოდ და მრავალფეროვნებისთვის შევჯერდით, რადგან ეს დასაწყისია და მომავალში, ჩვენი გამოკითხვაც კიდევ უფრო დაიხვეწება.



ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის - 15-წლამდე ქალთა ლიგის საორგანიზაციო ჯგუფი /ორი ზონა, დასავლეთი, რომელშიც 6 გუნდი („მართვე" ქუთაისი,  „ტორპედო"  ქუთაისი, „მტრედები",  „აჭარა", „ხონი" და „სენაკი")  გაერთიანდა და აღმოსავლეთი, სადაც შვიდი (WPS GEO , „ნორჩი დინამო", „ბოლნისი" ,„კვარტალი", „ვერე", „დმანისი"  და „რუსთავი"), საერთო ჯამში კი, 13 გუნდი საქართველოს მასშტაბით, სექტემბრიდან გრძელ, დაძაბულ და საინტერესო თავგადასავალში ჩაერთო - სფფ-ის ინიციატივით, წელს პირველად 15-წლამდე გოგონათა შორის ახალი ტურნირი ჩატარდა. 



ქალი საფეხბურთო მენეჯერი - ნინო პასიკაშვილი / „პასო" არის საფეხბურთო კლუბი „რუსთავის" გოგონათა მიმართულების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ ქართულ საფეხბურთო რეალობაში საფეხბურთო კლუბ „რუსთავთან" არსებული გოგონათა გუნდი, რომელიც ქალთა ლიგა 2-ში ასპარეზობს არის რეალურად ერთადერთი ქალთა გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის გუნდის, „რუსთავის" ნაწილია. 2025 წლის მონაცემით, ქალთა გუნდ „რუსთავში" რეგიონში მცხოვრები 80 გოგონა ირიცხება. ქალთა ლიგა 2-ის გარდა, რუსთაველებს ჰყავთ 15 და 13 წლამდე გოგონათა გუნდებიც. 15-წლამდებმა, 2025 წელს დაარსებულ 15-წლამდე ქალთა ლიგაშიც იასპარეზეს. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში კი, 14 რუსთაველი გოგონა თამაშობს.


საუკეთესო ქალი მსაჯი - ვიკა სახურია / ქალთა ფეხბურთის პარალელურად, ვითარდება ქალ მსაჯთა კორპუსიც. ბუნებრივია ჩვენ გვყავს საერთაშორისო კატეგორიის ქალი მსაჯებიც, თუმცა, წლის მანძილზე თამაშების სირთულიდან გამოდინარე, 2025 წელს, ჩვენი, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის არჩევანი სწორედ ვიკა სახურიაზე შეჩერდა. 


წლების მანძილზე გუნდის ერთგულებისთვის გადავწყვიტეთ თათია შაინიძე გამოგვერჩია! / თათია ქალთა საფეხბურთო კლუბს „ბათუმი" 2017 წელს შეუერთდა. ფეხბურთელს, დღემდე კლუბი არ შეუცვლია. ამასთან, როდესაც ბათუმელებს ლიგით დაქვეითება მოუხდათ, თათია გუნდთან ერთად იყო ქალთა ლიგა 2-შიც და შემდეგ, უკან, ქალთა ლიგაში დაბრუნებაც გუნდთან ერთად იზეიმა. ამას გარდა, შაინიძე, საკუთარ გუნდში გამორჩეულია იმითაც, რომ ფეხბურთელმა 2025 წლის სეზონში, 20 გოლი გაიტანა.




ქალთა ლიგა 2-ის ბომბარდირი 104 გატანილი გოლით ლიზი კაკულია გახდა! /ლიზი ქალთა საფეხბურთო კლუბის „სოხუმის დინამოს" მოთამაშეა და მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგაში ითამაშებს. თუკი, სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს არ შეიცვლის. ის, ასევე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია. რაც შეეხება 2025 წლის სეზონში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას, მსოფლიო რეკორდამდე, კაკულიას მხოლოდ 3 გოლი დააკლდა. 107 გატანილი გოლის შემთხვევაში, ლიზი კაცებში მსოფლიო რეკორდს გაიმეორებდა, რომელიც 1940-1941 წლების სეზონზე გერმანელმა ერნესტ ვილიმოვსკიმ დაამყარა.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი 29 გატანილი გოლით თეონა ბაქრაძე გახდა! მოგეხსენებათ, ქალთა ლიგა ორი ეტაპისგან შედგება - რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ორ წრედ ტარდება, გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებში ნაწილდებიან და უკვე ამ ჯგუფებში ცდილობენ ჩემპიონატში საბოლოოდ დააფიქსირონ შედეგი. „ბაქრამ" ყველაზე მეტი გოლი რეგულარული ჩემპიონატისას გაიტანა, სეზონი კი, გამოცდილმა ფეხბურთელმა ქალმა 38 გოლით დაასრულა.


ქალთა ლიგის 2025 წლის ბომბარდირი 54 გატანილი გოლით კესო მეტონიძე გახდა! / კესო მეტონიძე ამბროლაურის ქალთა კლუბის „რაჭა 2020"-ის ფეხბურთელია, რომლის კლუბსაც წელს ქალთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა და საკმაოდ კონკურენტუნარიანიც იყო. რაც შეეხება კესოს, რაჭველთა და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელმა, რეგულარული ჩემპიონატი 20 გოლით დაასრულა, თუმცა, უკვე ქვედა ჯგუფში ასპარეზობისას, ფეხბურთელმა სეზონის ჯამში 54 გოლი გაიტანა. აქედან, ერთ თამაშში, კესოს ანგარიშზე 11 გატანილი გოლია.


2025 წლის სეზონის საუკეთესო გოლი, თეონა ბაქრაძის "მაკრატელაა"! - მოგეხსენებათ, ქალთა ფეხბურთში გოლები ძირითადად შორი მანძილიდან გადის, ამიტომ საჯარიმოს გარედან, მაკრატელათი გატანილი გოლი, ქართულ ჩემპიონატში განსხვავებული იყო. მეტსაც გეტყვით, "ბაქრას" ამ გოლის შემდეგ, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის (ბიჭები გვყავს მხედველობაში), მომდევნო 3 ტურში, მინიმუმ ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა მცდელობა (!) მსგავსი გოლი გაეტანა!



საუკეთესო ლეგიონერი - ჩისომ ონიევუენი („ლანჩხუთი" / "სამეგრელო" - 22 გოლი)


საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენად 20-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჟურნალიტსები ხმას მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აძლევდნენ. შედეგები კი, ასე გადანაწილდა:

  • ჩისომ ონიევუენი („ლანჩხუთი" - 22 გოლი) -15 ხმა
  • სოლანჟე კარვალიაში („ნიკე-ლუსო" - 10 გოლი) - 4 ხმა
  • გაბრიელ და სილვა სანტოსი („ლანჩხუთი" - 9 გატანილი გოლი) - 1 ხმა




2025 წლის საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია! ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მედიას, ხმები (I ადგილს 5 ქულა მიაკუთვნეს, II ადგილს - 4, III  ადგილს - 3, IV-ს 2 ქულა) ასე გადანაწილდა:

  • თათია გაბუნია („ლანჩხუთი") - 89 ხმა
  • სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო") - 83 ხმა
  • ლიკა ცუხურკაიძე („კვარტალი") - 60 ხმა
  • სალომე ხაჭაპურიძე („ელიტა") - 48 ხმა


2025 წლის საუკეთესო მცველი - სალომე გასვიანი! /ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მედიას, ხმები (I ადგილს 5 ქულა მიაკუთვნეს, II ადგილს - 4, III  ადგილს - 3, IV-ს 2 ქულა) ასე გადანაწილდა:

  • სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო") - 84 ხმა
  • ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი") - 78 ხმა
  • თამარ ტატუაშვილი („ნიკე-ლუსო") - 61 ხმა
  • მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი" / „პანათინაიკოსი") 57 ხმა


2025 წლის საუკეთესო ნახევარმცველი - ნათია დანელია! /მედიისთვის, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხუთ კანდიდატში ხმები (I ადგილს 5 ქულა მიაკუთვნეს, II ადგილს - 4, III  ადგილს - 3, IV-ს 2 და ბოლო, V ადგილს 1 ქულას.  ) შემდეგი სისტემით გადანაწილდა:

  • ნათია დანელია („ნიკე-ლუსო") - 86 ხმა
  • ნინო პასიკაშვილი („კვარტალი") - 77 ხმა
  • ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო") - 59 ხმა
  • ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი") - 41 ხმა
  • ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი") - 37 ხმა


2025 წლის საუკეთესო თავდამსხმელი ერთდროულად ორი ფეხბურთელი ნინო ბუხრიკიძე და თეონა ბაქრაძე გახდა! მედიისთვის, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხუთ კანდიდატში ხმები (I ადგილს 5 ქულა მიაკუთვნეს, II ადგილს - 4, III  ადგილს - 3, IV-ს 2 და ბოლო, V ადგილს 1 ქულას.  ) შემდეგი სისტემით გადანაწილდა:

  • ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო") - 84 ხმა
  • თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო") - 84 ხმა
  • კესო მეტონიძე („რაჭა 2020") - 52 ხმა
  • ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი") - 51 ხმა
  • თათია შაინიძე („ბათუმი") - 29 ხმა




ქართველი ქომაგების გოგოების ფრთის რჩეული ქალი ფეხბურთელების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • თათია გაბუნია
  • ლიზი მწყერაშვილი
  • მაიკო ბებია
  • გვანცა ქადაგიშვილი
  • თეონა ბაქრაძე


TSFF.Ge-ს ვერსიით 2025 წლის სეზონის სიმბოლური ნაკრები:  სვეტლანა გაბელაია, სალომე გასვიანი, ნინო ჩხარტიშვილი, თამარ ტატუაშვილი, მარიამ კალანდაძე, ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი, ირინა ხაბურზანია, თინათინ ამბალია, ნინო ბუხრიკიძე, თეონა ბაქრაძე.




საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნონო ბუხრიკიძე!


საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გამოსავლენად 20-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტები ხმას მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აძლევდნენ. შედეგები კი, ასე გადანაწილდა:

  • ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო") - 10 ხმა
  • მაიკო ბებია („იუქსექოვა სფორი", თურქეთი) - 8 ხმა
  • ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო") 2 ხმა



აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, კერძოდ ორგანიზაციის პრეზიდენტს გიგა გვენცაძეს, ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტი და გამოკითხვით, რომელიც გვინდა ყოველწლიურ დაჯილდოებად ვაქციოთ, ბიზნეს სექტორშიც ჰპოვებს თანამოაზრეებს.


რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც 2025 წლის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა - არიან მედიის იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ 2025 წელს, არამედ წლების მანძილზე ქალთა ფეხბურთის თემებს აშუქებენ. შესაძლოა, ეს „გაშუქება" უფრო სანაკრებო ნაწილს ეხება, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, ისინიც და ჩვენი სხვა კოლეგებიც  უფრო მეტად დაინტერესდებიან ქალთა ფეხბურთით, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატითაც.

ამჯერად კი, მედიის ხმები 6 ნომინაციაში შეჯერდა ზემოთხსენებული პრინციპით. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ:

ამირან შაიშმელაშვილი - „ლაივ.ჯე", „სილქსპორტი", ეროვნული ლიგა

ბაჩო ცალუღელაშვილი - „გაზეტა დელო სპორტი", „გოლ.ჯი"

გიგა გვენცაძე - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, ქალთა ნაკრებების თამაშების კომენტატორი

გიორგი მელქაძე - „მსოფლიო სპორტი"

გუკა მელქაძე - ქალთა ლიგა, კომენტატორი

დავით სხირტლაძე - კრისტალსპორტი

დავით ერაძე - „მთავარი"

დავით კაპიტონოვი - ტვ „იმედი"

დავით მანჯავიძე - „ბეტსონ სპორტი"

თამარ ჯიშკარიანი  - TSFF.ge, ქალთა ლიგა

კახა ხუციშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქალთა ნაკრებების თამაშების კომენტატორი

ლევან გუგუტიშვილი - „რუსთავი-2"

მიშა ფურელიანი - „ინეტრნიუს საქართველო"

ნიკა ლობილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქალთა ნაკრებების თამაშების კომენტატორი

ნიკა მითაიშვილი - ქალთა ფეხბურთი, „სილქსპორტი"

საბა საპანაძე - GEO Team

სალომე საგინაშვილი - 90 წუთი

სოფო ერქვანია - ტვ „იმედი", „მაესტრო"

ცოტნე ქინქლაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქალთა ნაკრებების თამაშების კომენტატორი

ხატია ცარციძე - „გაზეტა დელო სპორტი"


კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით კოლეგებს, აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.


და ბოლოს გეტყვით, რომ დაჯილდოებას სახელიც დავარქვით და მას „დალი" ვუწოდეთ. „დალი", როგორც ნადირობისა და ველური ბუნების ქალღმერთი, იდეალური სიმბოლოა სპორტული დაჯილდოებისთვის. ქალ ფეხბურთელებთან მიმართებაში, ეს სახელი განასახიერებს სისწრაფეს, ძალას, მიზანსწრაფულობას და მადლს. ბუნებრივია, ჩვენ შეგვეძლო ფეხბურთთან ასოცირებულ სხვა დეტალზე და სახელზე გაგვეკეთებინა აქცენტი, თუმცა, ქართული მითოლოგიური პერსონაჟი, ჩავთვალეთ, რომ ყველაზე ახლო სული იყო ქალ ფეხბურთელებთან.