ფუტსალი ეროვნული ნაკრები ხვალ ერევანში ჩავა და ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო სპარინგებს ჩაატარებს
ფუტსალი ეროვნული ნაკრები ხვალ ერევანში ჩავა და ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო სპარინგებს ჩაატარებს
19.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 21 იანვრიდან ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. ავთანდილ ასათიანის გუნდი, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სრულიად ახალი და განსხვავებული შემადგენლობით კვლავ ახერხებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, A ჯგუფში ლატვიასთან, ხორვატიასთან  და საფრანგეთთან შეეცდება ჯგუფიდან გასასვლელი ორიდან ერთი საგზური მოიპოვოს.


ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზას, ჩვენი გუნდი 20-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო, Unibank Cup-ის ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი სომხეთისა და საქართველოს გარდა, ტურნირში ყირგიზეთისა და მოლდოვას ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას.


„ევროპის ჩემპიონატის წინ, ასეთ ტურნირებზე წასვლა, ყოველთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ რომ ფეხბურთელებს შორის დიდ კონკურენციაა. უნდა შევჯერდეთ იმ ფეხბურთელებზე ვინც ევროპის ჩემპიონატზე წავა. სამივე თამაში ტურნირზე საკმაოდ კარგ მოწინააღმდეგეებთან გვაქვს, სადაც უფრო კარგად გამოჩნდება ჩვენი ძალები. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რადგან სულ რაღაც ერთი თვე გვრჩება ევროპის ჩემპიონატამდე და უნდა ვეცადოთ, სწორედ ის მონახაზი შევარჩიოთ, რაც ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის იქება სასიკეთო", - ამბობს ავთანდილ ასათიანი სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


ტურნირი, როგორც ჩვენი გვერდი იუწყებოდა 21 დეკემბერს, ყირგიზეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. ამავე დღეს სომხეთი და მოლდოვა გაარკვევენ ურთიერთობას. 22 დეკემბერს, ასათიანის გუნდი უკვე მოლდოვას დაუპირისპირდება. ტურნირის ბოლო შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები, 24 დეკემბერს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.  


აღნიშნული ტურნირისთვის საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური შეკრება 16 დეკემბრიდან დაიწყო. ერევანში კი ჩვენები ხვალ ჩავლენ 17 ფეხბურთელის შემადგენლობით:


მეკარე: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ალი ასლანი (კსუ); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ჯანო კვარაცხელია („ფაკელი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი"), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").