„კიტეს“ შემდეგ „შტურმმა“ გიზი დაიმატა
„კიტეს“ შემდეგ „შტურმმა“ გიზი დაიმატა
18.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოთარ კიტეიშვილის შემდეგ, გრაცის „შტურმის" ღირსებას გიზი მამაგეიშვილი დაიცავს. ავსტრიულმა კლუბმა 22 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველთან გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე, ოფიციალურად დღეს საღამოს განაცხადა. გრაცის „შტურმის" ოფიციალური გვერდი არ აკონკრეტებს ქართველთან რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, იტყობინება, რომ გიზი, გრაცის კლუბს, თბილისურ „იბერია 1999"-თან კონტრაქტის ამოწურვისთანავე შეუერთდება. კლუბის გვერდი, გულშემატკივარს ასევე ატყობინებს, რომ ეროვნული ლიგის ბოლი სეზონში, მამაგეიშვილმა 34 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანაო.


„ოთარ კიტეიშვილიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე გრაცის „შტურმის" შესახებ ვიცოდი, ამიტომ, როგორც კი შევიტყე, რომ კლუბი ჩემით დაინტერესდა, მე აზრი კიტეიშვილს ვკითხე. მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ასეთი მაღალი დონის კლუბთან მოვაწერე ხელი, როგორიც „შტურმია". მოუთმენლად ველი გუნდთან ნაცნობობას და პირველ ვარჯიშებს, იანვრიდან მზად ვარ მიზნების მისაღწევად დაუღალავად ვიშრომო", -  ამბობს გიზი მამაგეიშვილი, კლუბისთვის გაკეთებულ კომენტარში.


ავსტრიულ კლუბში მიაჩნიათ, რომ მამაგეიშვილის სახით უნივერსალური უნარების მქონე შემტევ ფეხბურთელს მიიღებს. ქართველი გუნდს, იანვარში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ „შტურმი", ავსტრიის ბუნდესლიგაში 17 ტურის შემდეგ, 28 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება უეფა-ს ევროპა ლიგას, გრაცელები, 4 ქულა აქვთ და 29-ე ადგილზე არიან.



ფოტო: © SK Sturm