ხვიჩა კვარაცხელია საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია
ხვიჩა კვარაცხელია საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია
18.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების 7-იანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 2025 წლის სეზონი შვიდი მოგებული ტროფეით დაასრულა. იტალიის სერია A-ს (რომელიც ქართველს არ ჩაუთვალეს), საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, სუპერ თასის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს სუპერ თასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. ამას გარდა, ქართველმა წლის ბოლო „ფინალში" გოლიც გაიტანა, რომელიც რეალურად ძირითად დროში, ბრაზილიური „ფლამენგოს" კარში, პარიზელთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.


კატარში, დოჰაში გამართული ფიფა-ს საკონტინეტთაშორისო თასის ფინალში, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი" „ფლამენგოს" დაუპირისპირდა ხვიჩამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 38-ე წუთზე გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, „კვარას" დუბლის შანსიც ჰქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში დემბელემ თავად არჩია გოლის გატანა სამწუხაროდ ვერ გაიტანა. სხვათა შორის, მოგვიანებით, პენალტების სერიაში დემბელემ, რომელსაც ერთი დღით ადრე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, ბურთი დოჰადან პირდაპირ პარიზში „გაუშვა", 11-მეტრიანი გააფუჭა ბარკოლამაც. თუმცა, მანამდე, პსჟ-ს ერთი უყურადღებოდა დაცვაში, უფრო ზუსტად, საკუთარ საჯარიმოში, პარიზელებს 11-მეტრიანად დაუჯდათ, რომელიც 62-ე წუთზე ჟორჟინიომ ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. რეალურად, მატვეი საფონოვს ამ 11-მეტრიანის მოგერიება და თამაშის ძირითად დროში დასრულება შეეძლო. თუმცა, როგორც ჩანს, რუსს საკუთარი შოუ ჰქონდა საჩვენებელი, რომელიც პარიზელთა მეკარემ 11-მეტრიანების სერიაში დოჰაში და ტელე-ეკრანებთან შეკრებილ მილიონობით ქომაგს შესთავაზა. პსჟ-ს მეკარემ მართალია, სერიაში პირველი პენალტი გაუშვა, თუმცა, ამის შემდეგ ცივსისხლიანად ოთხი პენალტი მოიგერია! საბოლოოდ, პენალტების სერიაში პსჟ-მ 2-1 გაიმარჯვა და პირველად ისტორიაში აღნიშნული ტროფეის მფლობელი გახდა.



რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გაიტანა.

 

ფოტო: © PSG