
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე დღეს, ქართული ლეგიონის დარჩენილი ორი წარმომადგენლის გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდებმა იასპარეზეს. თავშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ, ჩემპიონთა ლიგაზე ვერც მეორ სათამაშო დღეს ვიხილეთ ქართული გოლები.
Estadio de la Cerámica-ზე, გიორგი მიქაუტაძემ, „ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, თუმცა, არც თუ შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. ისე, ერთ-ერთ მომენტში, 21-ე წუთზე ალბათ, სანტი კომესანაზე უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში ქართველი იყო და დიდი ალბათობით, ბურთის მიღების შემთხვევაში, ჟორჟი მარტივად მოახერხებდა გოლი გატანას. თუმცა, ასე არ მოხდა და ჩავლილი მომენტის შემდეგაც, ლაპარაკი ადვილია. შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი" მე-2 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, თამაშს აგებდა. ქართველი ფეხბურთელი კი, მეორე ტაიმში შეცვალეს. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა", მეორე ტაიმის დასაწყისის 9 წუთიან მონაკვეთში „კოპენჰაგენთან" ბურთები გაცვალა და რეალურად, ჟორჟის გუნდიც ახლოს იყო ფრესთან. თუმცა, 90-ე წუთზე, დანიური კლუბის რიგებში შეცვლაზე შემოსული კორნელიუსის გოლის შემდეგ, მე-6 ტურის ეს მატჩი „კოპენჰაგენმა" 2-3 მოიგო და ახლა, სატურნირო ცხრილში, 24-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ფლეი-ოფის ზონაშია. რაც შეეხება „ვილიარეალს", ის, გიორგი ზარიას „კაირატთან" ერთად, ერთი ქულით, ბოლო ადგილს იყოფს.
Estadio de San Mamés-ზე ფრედ, 0-0 ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ბილბაოს „ატლეტიკის" წინააღმდეგ. „კვარამ" სტაბილურად კარგი მატჩი ჩაატარა, ერთხელ კარის მიმართულებითაც დაარტყა შორი მანძილიდან, თუმცა, ალბათ, მეორე ტაიმში, ბარკოლას ქართველი, რომ შეემჩნია და ბურთი მისთვის გადაეწოდებინა, პსჟ, მინიმუმ გოლს გაიტანდა. ზოგადად, პარიზელებმა, მოახერხეს თამაშში უპირატესობის მოპოვება და ბურთის გაკონტროლება. კარის მიმართულებითაც, 19-ჯერ დაარტყეს, აქედან რამდენჯერმე უნაი სიმონმა იხსნა ბასკეთის გუნდი. საბოლოოდ, სიმონი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. რაც შეეხებათ პარიზელებს, მათი გუნდი, 13 ქულით, მე-3 ადგილზეა და რეალურად, 1/8 ფინალისტ გუნდებს შორის მოსახვედრად, 2 ტური აშორებთ.
„ჩვენ ვართ პარიზი და ვართ ჩემპიონები, ამიტომ ყველა თამაშში გვინდა მოგება. ჩვენ, ფრედ დასრულებული თამაშით არ ვართ კმაყოფილები. ყველა თამაშზე გავდივართ მოსაგებად, ამიტომ როდესაც ფრედ ვასრულებთ თამაშს, ეს ჩვენთვის ცუდი თამაშია", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ფლეშ-ინტერვიუს დროს.
ამ ტურის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა საახალწლო არდადეგებზე გავიდა, თუმცა, ხვალ და ზეგ, არანაკლებ საინტერესო დღე გველის, სადაც ქართველების გუნდები უეფა-ს ევროპა და კონფერენს ლიგის თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

|
|
|





ჩვენ








