„სპაერმა“ საქმე გაიადვილა, „თელავი“ და „მეშახტე“ კი, თავიდან დაიწყებენ
„სპაერმა“ საქმე გაიადვილა, „თელავი“ და „მეშახტე“ კი, თავიდან დაიწყებენ
10.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ფლეი-აუთები დაიწყო. ოთხ გუნდს შორის, ორ წყვლში, ორრაუნდიან დაპირისპირებაში საბოლოოდ გაირკვევა, თუ მომავალ, 2026 წლის ქართულ საფეხბურთო ჩემპიონატში, როგორ დაკომპლექტდება ეროვნული და ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონატები.


დღის პირველი შეხვედრა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე", რომელიც დასასრულს მიახლოებულ ჩემპიონატში, სწორედ ამ სტადიონზე უწევდა ლიგა 2-ის საშინაო შეხვედრების ჩატარება, ეროვნული ლიგის მე-8 ადგილოსან „თელავს" უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვალერი გაგუას გუნდმა, შეხვედრა მოკრძალებულად დაიწყო და პირველ ტაიმში, რეალურად გარემოსთან აკლიმატიზაცია გაიარა, თუმცა, ამავე მონაკვეთში 39-ე წუთზე გოლიც გაუშვა. დიმა ღურწკაიას დაწყებული შეტევა, ბექა შუბითიძემ გააგრძელა და კლეოპას ტიმი საგოლე პოზიციაზე გაიყვანა. ამ უკანასკნელმა კი, ანგარიში გახსნა. აბსოლუტურად რადიკალური გამოდგა მეორე ტაიმი, რომელშიც უკვე, კახელები დომინირებდნენ და ლადო ბურდულის ბიჭებს, ალბათ, რაც უფრო კარგად გამოსდიოდათ ყვითელი ბარათების მიღება იყო. გოლი კი, მეორე ტაიმში, მიხეილ ბაშელეიშვილის გადაცემით, ანდრია დევდარიანმა გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ, „თელავს" ოდნავ მშვიდად ძილის საფუძველი მისცა. ამ გუნდების დღევანდელი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. საპასუხო მატჩი კი, 14 დეკემბერს, 18 საათზე, თბილისში, პეტრო არენაზე გაიმართება.


მშვიდად მოიგო ორ-რაუნდიანი დუელის მეორე წყვილში „სპაერმა", რომელმაც თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ეროვნული ლიგის მე-9 ადგილოსანი, „გარეჯი" 0-2 დაამარცხა. ამ მატჩში, თითო გოლი, თითო ტაიმში გავიდა - ჯერ, 25-ე წუთზე, მეტოქის უყურადღებობით, კარგად ისარგებლა გამოცდილმა ზაქარია ბასილაშვილმა და მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე კი, საბა გეგიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 14 დეკემბერს, „სპაერის" სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება, კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სეზონში ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება, ექვსწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ მოიპოვა „რუსთავმა", რომელმაც ეროვნული ლიგის ბოლო ადგილოსანი, ფოთის „კოლხეთი 1913" ჩაანაცვლა.