„დილამ“ სეზონი დუბლით დახურა
„დილამ“ სეზონი დუბლით დახურა
10.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორის „დილა" საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულია. თბილისში, პეტრო არენაზე გამართულ შეხვედრაში, გორელებმა, როგორც იქნა მოუგეს „იბერია 1999"-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სწორედ, გორელებთან გრძელ მარათონში შეინარჩუნა.


საინტერესოა, რომ დღეს, 2025 წლის სეზონში „იბერია 1999-სა და გორი „დილას" მეხუთე დაპირისპირება იყო, თუმცა, ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ერთი პატარა დეტალის გარდა. ისე მოხდა, რომ ეროვნული ლიგის ოთხივე დაპირისპირება იბერიელთა სასარგებლოდ (0-1, 1-0, 0-6, 2-1) დასრულდა, დღეს კი „დილამ" მოიგო, ამასთან, თბილისურმა კლუბმა ოთხ შეხვედრაში მხოლოდ, ერთი ბურთი გაუშვა, მეტოქეს კი, 10 გაუტანა, რეალურად, დღესაც ასე იყო - გორელები მე-2 წუთზე, იბერიელი გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე კიდევ ერთი ავტოგოლი დერეკ აგიაკვამ გაიტანა და გორელთა გუნდი უკვე, ორბურთიანი სხვაობით გაიჭრა წინ. 71-ე წუთზე, ჯგერენაიამ ამჯერად, თავის გუნდის სასარგებლოდ გაქვითა ერთი გოლი და რეალურად დარჩენილ 20 წუთში, გუნდს, რომელიც მთელი წლის მანძილზე, კონკრეტულად გორის „დილასთან" უპირატესი იყო, საკმარისი დრო დაუტოვა თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად. თუმცა, 90-ე წუთზე, ამჯერად გორელებმა თავად გაიტანეს - აბუბაქარ კონტემ ამ შეხვედრაში წერტილი დასვა და 2025 წლის სეზონში, გორელებს, საქართველოს სუპერ თასის შემდეგ, მეორე ტროფეი, ამჯერად, საქართველოს თასი მოაგებინა.


შეგახსენებთ, რომ 2026-2027 წლების უეფა-ს ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი („იბერია 1999", „დილა", „ტორპედო", „დინამო თბილისი"), სწორედ, დღევანდელი ფინალისტების წყალობით ითამაშებს, რადგან „იბერია 1999"-სა და „დილას" სათასო ფინალიდან გამომდინარე, ევროტურნირებზე მეოთხე ქართული გუნდისთვის (ბოლო სეზონი იქნება ასე) ადგილი გაოთავისუფლდა.


ფოტო: სკ "იბერია 1999"