პენალტების სერიაში წაგებული დუელი - „დინამო თბილისი“ ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა
პენალტების სერიაში წაგებული დუელი - „დინამო თბილისი“ ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა
10.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდი, რომელმაც საკმაოდ მარტივად გაიარა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ორი ეტაპი და სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მესამე, ძირითად ბადეში გადასასვლელი დაპირსპირების პირველი რაუნდიც ერთ ამოსუნთქვაზე გაიარა. დიდი უპირატესობით, ბევრი გამოუყენებელი მომენტით, თუმცა, ორი გატანილი გოლის წყალობით პირველი შეხვედრა მოვიგეთ და ნანატრ ოცნებამდე ერთ ნაბიჯში აღმოვჩნდით.


თუმცა, გამოცდილი თვალი, მით უმეტეს ვისაც კოვიდამდე სამყარო კარგად ახსოვს, მინსკის „დინამოსგან" საპასუხო შეხვედრაში, როდესაც ცნობილი იყო, რომ მოწინააღმდეგე, ე.წ. მეორე თამაშის გუნდია, ალბათ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, კლუბის მენეჯმენტსაც სხვა გათვლები უნდა გაეკეთებინა.


პირველი - სახლი და გასვლის თამაშების მთელი ხიბლი, განსაკუთრებით საპასუხო თამაშების ისაა, რომ საშინაო კედლების უპირატესობა გაქვს. რა მოხდა ამ შემთხვევაში?  გამომდინარე იქიდან რომ ბელარუსები საშინაო თამაშებს ნეიტრალურ მოედანზე ატარებენ, ბელარუსებმა დიდი ხარჯების თავიდან ასაცილებლად საქართველოში „დაბანაკება" გადაწყვიტეს. ერთი შეხედვით, ეს ჩვენთვისაც ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, გუნდი „გზაში" არ დაიღლებოდა. თუმცა, შეცდომა აქ დავუშვით. ორივე თამაშის ჩატარება „დინამო არენაზე" დავგეგმეთ - ჩვენთვის კარგიაო, მოედანს შეჩვეულები ვართო. ამასობაში მოედანსა და გარემოს, ორი ვარჯიში, მეორე თამაში - მეტოქეც შეეჩვია. ამას გარდა, არ მიწყენენ ჩემი საყვარელი ქართული გუნდის არც ფეხბურთელები, მშობლებთან ერთად, არც კლუბის ხელმძღვანელობა, მაგრამ ქართულ გუნდებს, განსაკუთრებით ასაკობრივებს, ყოველთვის აკლიათ გადამწყვეტ მომენტში ფსიქოლოგიური წონასწორობა - მაგალითად, ერთ ნაბიჯში ზედმეტად ნერვიულობენ და ამ დროს, მითუმეტეს უჭირთ მიღწეული შედეგი შენარჩუნება.


ამას დაემატა გუნდისთვის, რომლის კალენდარული თამაშის არსებობის შესახებაც კი არ გაუგია ქართული მედიის უმრავლესობას, ჟურნალისტებისგან გადამეტებული ყურადღება, რაც ჩვენი აზრით, რეალურად საკრალური აღმოჩნდა.


იყო კიდევ ერთი გარემოება, ტრადიციულად, გასვლით თამაშებზე, ჩვენი გუნდები ისეთ ადგილას ცხოვრობენ, რომ სტადიონამდე გზაში დაიღლები კაცი (უეფა-ს რეგულაციების გათვლით, დროის მაქსიმუმი გჭირდება სტადიონზე მისასვლელად). აქ, რა მოხდა, „დინამო თბილისი", ჩვენი დედაქალაქის საცობების გადალახვის შემდეგ მოვიდა სტადიონზე, მეტოქე კი, მთელი 10 დღის მანძილზე, სტადიონის ქუჩის კვეთაზე, „იბის სტადიონზე" ცხოვრობდა...


ალბათ, პირველ ტაიმში, გოლი რომ გაგვეტანა, თამაში ბევრად სხვაგვარად წარიმართებოდა, თუმცა, პირველი ტაიმი მშრალად დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, კი, თბილისელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია და მოდუნდა. თუმცა, მხოლოდ „ჩოჩო" არა, მთლიანად გუნდი, რომელსაც ბელარუსთა გუნდის გამოცდილმა მწვრთნელმა, საწყისი წუთებიდან კარგად ჩააკეტინა თემო ოდიკაძე და ჰალიდ დოლტმუზიევსაც, ბევრი ლავირების საშუალება არ ეძლეოდა, რეალურად გაჩერდა, ან ინდივიდუალურ „პერფორმანს" მიეძალა, დაკარგა გუნდურობის შეგრძნება სადღაც დაიკარგა. 56-ე წუთზე, თუმცა, ისევე როგორც 68-ზე თბილისელებმა სრულიად უწყინარ ვითარებაში ორი გოლი გაუშვეს და ამის შემდეგაც, ცოტა კი გამოცოცხლდნენ, თუმცა, ისევ ზემოთხსენებული, ინდივიდუალური ფეხბურთი გააგრძელეს, რაც დამღუპველი აღმოჩნდა. მითუმეტეს, ბელარუსთა მეკარის წარმოუდგენელი „სეივების" ფონზე. საბოლოოდ, ძირითადი დრო 0-2 დასრულდა. ამჯერად, მინსკელებმა მოიგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ფრეს (2-2), გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც, ქართულ გუნდს, უკვე აშკარად დაეტყო ნერვიულობა და 2-4 წააგო.


„დინამო თბილისი" ასპარეზობას გამოეთიშა, მინსკი აგრძელებ. თუმცა, ქართული გუნდისთვის მთლიანად ეს ტურნირი კარგი გაკვეთილი იყო, თუნდაც, მენეჯერული გათვლებიდან გამომდინარე. იმედია, დასკვნებს გავაკეთებთ. ამას გარდა, ქართულმა კლუბმა, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ხომ მესამე ეტაპზე გასვლა პირველად მოახერხა და ამით, ისტორია დაწერა.  


ფოტო: გიორგი  (ზიზუ) ჯიქია