„ხიზანა“ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს უხელმძღვანელებს და პირველი გამოცდა ზაფხულში ელის
„ხიზანა“ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს უხელმძღვანელებს და პირველი გამოცდა ზაფხულში ელის
10.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისსა და ნიონში, თითქმის პარალელურად გაირკვა საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრების უახლოესი მომავალი. თავდაპირველად მთავარი მწვრთნელის შესახებ, რომელიც 19-წლამდეთა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლის შემდეგ, აღნიშნულ ნაკრებს აღარ ჰყავდა. დღეს კი, სფფ-ის ოფიციალურმა სანაკრებო გვერდმა, ამ თანამდებობაზე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბის წევრი ზურაბ ხიზანიშვილი წარადგინა.


ამავე ცნობაში ნათქვამია „ხიზანას" სამწვრთნელო საქმობაზეც. კერძოდ, ზურას ეროვნულ გუნდებში სამწვრთნელო საქმიანობა - 2017 წელს, 21-წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც 3 წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. ასევე, 2019 წლიდან, ზურას ხელმძღვანელობით 16-წლამდე ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, რომელიც 2020 წელს, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აღარ ჩატარდა. 2021 წლიდან კი, ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ.


„მინდა პირველ რიგში ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადავუხადო. ის იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული იყო. მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება", - ამბობს სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში ალექსანდრე იაშვილი.


მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც დღეს, ნიონში ჩატარდა და გაირკვა ჩვენი მეტოქეების ვინაობაც.  „ხიზანას" გუნდი 3-9 ივნისის ჩათვლით საქართველოში, თუმცა, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება რეგიონი, მინი ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველო, მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ.


ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და ის, A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ. საქართველოს ნაკრები B ლიგაში მე-7 ჯგუფში იასპარეზებს და შესაბამისად, A-ში დაწინაურების შანსი ექნება. უკვე A ლიგაში, გუნდებს, გათამაშების ბოლო ფაზაში მონაწილეობის შანსი მიეცემათ.