
ქართული საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე დარჩა ერთი ფინალი - საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება, რომელიც ხვალ, 10 დეკემბერს, პეტრო არენაზე გაიმართება და რომელშიც თბილისის „იბერია 1999"-ი, წლის ბოლო დაპირისპირებაში გორის „დილას" შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდები მეხუთედ დაუპირისპირდებიან. იმას გარდა, რომ საქართველოს 2025 წლის ჩემპიონის ტიტული თბილისურმა გუნდმა სწორედ, გორელებთან მარათონში მოიგო, სეზონის მანძილზე ამ გუნდებს შორის გამართული ოთხივე დაპირისპირება იბერიელთა სასარგებლოდ (0-1, 1-0, 0-6, 2-1) დასრულდა. ამასთან, თბილისურმა კლუბმა ოთხ შეხვედრაში მხოლოდ, ერთი ბურთი გაუშვა, მეტოქეს კი, 10 გაუტანა.
სათასო დაპირისპირების გარდა, ვიდრე ქართული საფეხბურთო წელი დასრულდება და ჩვენ გავიგებთ, ვინ დასახელდნენ საუკეთესოებად, ხვალიდან, არანაკლებ დაძაბული ფლეი-ოფის შეხვედრები დაიწყება. ორ რაუნდიან დაპირისპირებაში, „თელავი", „გარეჯი", „მეშახტე" და „სპაერი" გაარკვევენ, 2026 წლის სეზონში რომელი გუნდი იასპარეზებს ძლიერთა შორის. ამ ფლეი-აუთების განრიგი ასეთია:
10 დეკემბერი
13:30 „მეშახტე" - „თელავი" / აგრანო ვაჩაძის სტადიონი, ამბროლაური
16:00 „გარეჯი" - „სპაერი" / მიხეილ მესხი 2, თბილისი
14 დეკემბერი
18:00 „თელავი" - „მეშახტე" / პეტრო არენა, თბილისი
19:00 „სპაერი" - „გარეჯი" / სპაერის სტადიონი, თბილისი
მომავალ კვირაში გაირკვევა ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი-აუთების შედეგები და შესაბამისად, ისიც, შეინარჩუნებენ თუ არა თბილისური კლუბები „ლოკომოტივი" და „იბერია 1999"-ი ლიგა 2-ში ადგილს, თუ რომელიმეს, „არაგვი" ან „ოდიში 1919"-ი ჩაანაცვლებს. აქ, თამაშები 11 და 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.
აქვე გეტყვით, რომ მომავალი სეზონიდან ერთი ლიგით დაქვეითდა „დინამო თბილისი 2", რომელიც წელს ძირითადად „დინამო თბილისის აკადემიის" 16-19 წლის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და შესაბამისად, ბევრი ფეხბურთელისთვის ეს სეზონი ე.წ. უფროსებში, სადებიუტო იყო. თბილისელების გარდა, ლიგა 3-ში ჩაინაცვლა „გონიომაც", რომელმაც დღეს შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: „ჩვენი კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბი გონიოს ყველა ფეხბურთელი თავისუფალია. 2026 წლის დასაწყისში დაგიბრუნდებით სიახლეებით და ახალი გეგმებით", ნათქვამია განცხადებაში. მათი ადგილი კი, ლიგა 2-ში „შტურმმა" და „გორმა" დაიკავეს, რომლებმაც ლიგა სამი შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე დაასრულეს.

|
|
|





ჩვენ








