ნიკოლოზ კალანდაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
ნიკოლოზ კალანდაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
07.12.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.


საფრანგეთი

სტარ ლიგის მე-13 წრე შედეგიანი გამოდგა ნიკოლოზ კალანდაძისთვის. მისმა "ექს ან პროვანსმა" საკუთარ მოედანზე „ნიმი" მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა (32-26). ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო კალანდაძე, რომელმაც ხუთიდან ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი ასისტი შეასრულა.


ხორვატია

წაუგებელ სერიას აგრძელებს „ზაგრები" და მისი ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე. ქართველის გუნდი პრემიერ ლიგის მე-13 ტურში „ვარაჟდინს" ეწვია და 38-22 გაიმარჯვა. ზაგრებელთა წარმატებაში საკუთარი წვლილი მიუძღვის ცხოვრებაძეს, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა და სამი ასისტი ჩაიწერა.


ისლანდია

„აკიურეირი" და მისი ქართველი ლეგიონერი, გიორგი დიხამინჯია ისლანდიის პირველობის მე-13 წრეში ჩემპიონატის ლიდერ „ჰიოიკარს" ეწვია და 38-42 დამარცხდა. დიხამინჯიას ანგარიშზე ხუთი გოლია.


პოლონეთი

სუპერ ლიგის მე-14 ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოს" გასვლითი მატჩი ჰქონდა „ჰრობრი გლოგუვთან". მასპინძლებმა 31-27 გაიმარჯვეს. ანგარიშში სხვაობა უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელმაც 11 სეივი შეასრულა.


ამავე ტურში „ოსტროვიამ" გდანსკის „ვიბრზეზე" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 28-27 მოუგო. ითამაშა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა მირიან გავაშელიშვილმაც. მის ანგარიშზე ორი გოლია.


რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტა" გასვლითი შეხვედრა ჰქონდა „სუჩავასთან" მასპინძლებმა ერთი ბურთის სხვაობით 31-30 მოიგეს. რუსტამოვის ანგარიშზე ერთი გოლია.


მე-11 ტურის მატჩი ჰქონდა „პოტაისას" და მის ქართველ ლეგიონერს, ირაკლი კბილაშვილს. „ვასლუისთან" გასვლით შეხვედრაში „პოტაისამ" 25-22 წააგო. რუმინელთა ქართველმა ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.


ჩრდილოეთ მაკედონია

„ბუტელე სკოპიემ" და მისმა ქართველმა ლეგიონერმა დავით გრიშიკაშვილმა სუპერ ლიგის მე-15 ტურში „კუმანოვოს" უმასპინძლეს და 37-29 დაამარცხეს. გრიშიკაშვილის ანგარიშზე ერთი ბურთია.