
საქართველოს ქალთა ლიგის თასის 2025 წლის გამარჯვებული „ნიკე-ლუსოა". ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალში დღეს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი „ნიკე-ლუსო", ბრინჯაოს მედლების მფლობელ „კვარტალს" დაუპირისპირდა. თბილისური დერბი, რომელიც თბილის და მშრალი შემოდგომის შემდეგ, გაუარესებულ და წვიმიან ამინდში გაიმართა, ნიკელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა „ნიკე-ლუსოს" უპირატესობით წარიმართა და ალბათ, ამის საბაბი, სწრაფი გოლიც იყო, რომელიც მე-6 წუთზე ანასტასია ბუჩუკურმა, ფლანგზე ნინო ბუხრიკიძის ინდივიდუალური ოსტატობისა და კარის გასწვრივ ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. „ნიკე-ლუსოს" რამდენჯერმე ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება. თუმცა, ტაიმის მიწურულს, გოლს, სწორედ ისინი გადაურჩნენ. მე-40 წუთზე, ქალთა ლიგის ერთ-ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელის მარიამ გასანოვას დაწყებული შეტევა შეეძლო გოლით დაესრულებინა მარიამ ცისკარიშვილს, თუმცა, ნიკელთა მეკარე ალბინა ფომჩენკო, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ტაიმი, „ნიკე-ლუსომ" მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ტაიმი, კვლავ მოქმედმა ჩემპიონმა დაიწყო აქტიურად და მე-4 წუთზე თეონა ბაქრაძეს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა, რამდენიმე ფაზიანი შეტევა და კვარტლელთა დაცვის ხაზის უყურადღებო თამაში, „ნიკე-ლუსომ" გოლში ვერ გარდასახა. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, შეხვედრის ამ მონაკვეთში „კვარტალმა" რიგ მომენტებში მოახერხა ბურთის გაკონტროლება, თუმცა, კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. მე-80 წუთზე კი ფომჩენკოს დაწყებული კომბინაცია ფლანგზე გააგრძელა გვანცა ქადაგიშვილმა, რომელიც შორეული დარტყმით დააგვირგვინა ნინო ბუხრიკიძემ და ანგარიში ორამდე გაზარდა.
დარჩენილ დროში, ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.
ამ შეხვედრით, ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ერთადერთი, რაც წლის ბოლოს გამოსარკვევი რჩება, ის თუ ვინ გახდება 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. სხვათა შორის, ამ მიზნით, ჩვენი ვებ-პორტალი პირველად, იმ ქართველი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვას აწარმოებს, რომლებიც ფიზიკურად, ქალთა ლიგის ან, ქალთა ნაკრებების თამაშებს ესწრებიან და ტელე-ეკრანის და ოფიციალური სტატიებში წაკითხულის გარდა, თავადაც ადევნებენ თვალს ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელის განვითარებას.
სფფ-ის ფოტო

|
|
|





ჩვენ








