„კვარას“ დუბლი და ჟორჟის გოლი
„კვარას“ დუბლი და ჟორჟის გოლი
07.12.2025
ავტორი: მარიამ მესხი

ევროპულ ლიგებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მორიგი ტურის მატჩები გამართეს.


გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიპის მეცხრამეტე ტურში „ნორვიჩს" უმასპინძლა. დიდი ხნის შემდეგ „ჩაკვემ" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქე გუნდის მეკარესთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო და 38-ე წუთზე მოედანი დატოვა. საბოლოოდ, „უოტფორდმა" მატჩი დაძაბულ შეხვედრაში 3-2 მოიგო. „ჩაკვეს" ტრავმის სიმძიმე კი, ჯერჯერობით უცნობია. მატჩის შემდგომ „უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გარსიამ განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული გიორგი ჩაკვეტაძე იქნება თუ არა ოთხშაბათს, „შეფილდ უენსდეის" წინააღმდეგ მატჩისთვის სათამაშოდ მზად.


ესპანეთის ლალიგის მეთექვსმეტე ტურში კი, „ვილიარეალის" რიგებში ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" სერამიკაზე „ხეტაფეს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2-0 მოიგო. ჟორჟმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 80 წუთი ითამაშა. 64-ე წუთზე კი, ქართველმა ბომბარდირმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 15 ტურის შემდეგ, „ვილიარეალი" პირველადგილოსან „ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება და ლალიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟორჟის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.


უკრაინის პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში ირაკლი აზაროვის „შახტარი" სტუმრად „კოლოს კოვალივკას" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლო ფრედ, 0-0 დასრულდა. აზაროვს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 15 ტურის შემდეგ კი, დონეცკური გუნდი სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილზეა. თუმცა, პირველადგილოსან „ჩერკასისაც" ასევე 32 ქულა აქვს.


სლოვაკეთის ნიკე ლიგის მეჩვიდმეტე ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი" სტუმრად, „კოსიცესთან" 0-2 დამარცხდა. „კაშომ", მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 77 წუთი ითამაშა. მიუხედავად მარცხისა, „სლოვანი" სატურნირო ცხრილში 36 ქულით პირველ ადგილს იკავებს.


საფრანგეთის ლიგა 2-ის მეთექვსმეტე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი" სტუმრად „დანკირკს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით,  0-1 დამარცხდა. ზუკამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 16 ტურის შემდეგ კი, „სენტ-ეტიენი" 29 ქულით მეორე ადგილზეა.


საფრანგეთის ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ- შემადგენლობაში 50-ე მატჩი ფანტასტიკური მატჩით აღნიშნა. პარი სენ-ჟერმენმა მონაკოსთან მარცხის შემდეგ, პარდ დე პრენსზე „რენს" უმასპინძლა. პარიზელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. „კვარამ", მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70 წუთი ითამაშა. 28-ე წუთზე ხვიჩამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და პსჟ დააწინაურა. სხვათა შორის ეს 55-ე ქართული გოლი იყო, ფრანგული ლიგა 1-ის ისტორიაში. პსჟ-ს უპირატესობა ორამდე მაიულუმ გაზარდა. ხოლო 67-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 88-ე წუთზე მბაიემ ეფექტური გოლით პარი სენ-ჟერმენის უპირატესობა 4-მდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში, 5-0 კი, რამოშმა, ასევე ეფექტური და შორეული გოლით დააფიქსირა. 15 ტურის შემდეგ პარიზული კლუბი 33 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „ლანსს" ერთი ქულით ჩამორჩება.