პირველი რაუნდი მოვიგეთ, თუმცა, წინ მძიმე 10 დეკემბერია
პირველი რაუნდი მოვიგეთ, თუმცა, წინ მძიმე 10 დეკემბერია
05.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი" 19-წლამდეთა გუნდი, რომელმაც საქართველოს ასაკობრივი, ოქროს ლიგა 30 ნოემბერს, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოფიციალურად მოიგო, წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 2025-2026 წლების გათამაშებაში. ე.წ. ადგილობრივი ჩემპიონების გზაზე, დინამოელები, ქართული კლუბებიდან პირველები არიან, ვინც, გათამაშების მესამე რაუნდში მოახერხა გასვლა და ახლა, ტურნირის მთავარ ბადეში, 1/16 ფინალში მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ.


დღეს კი, „დინამო არენაზე", მინსკის „დინამოსთან" დაპირისპირებაში, რომელიც პოლიტიკური შეზღუდვების გამო, საშინაო თამაშებს ნეიტრალურ მოედანზე აპირებს, თბილისურმა „დინამომ" 0-2 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) გაიმარჯვა.


დღევანდელი თამაშში ძირითადად ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა და კარის მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტჯერ, 17-ჯერ დავარტყით, თუმცა, მინსკელებმა გვაჯობეს კუთხურების თვალსაზრისით - 10 ჩამოაწოდეს, ჩვენ მხოლოდ 4, რაც საპასუხო შეხვედრაში, სტადიონთან გაშინაურებულები, წესით უფრო სახიფათო უნდა იყოს. იმედია დუჩი გელაშვილი, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ამ გარემოებაზე, საკუთარ გუნდთან უფრო გაამახვილებს ყურადღებას და თბილისელებს, პირველი მოგებული შეხვედრის კვალობაზე, მოდუნების საშუალებას არ მისცემს. მითუმეტეს, რომ ბელარუსებმა საწყისი წუთები აქტიურად დაიწყეს დღესაც და პირველ ხუთ წუთშიც, ორი სახიფათო მომენტი შექმნეს ჩვენ კართან, საიდანაც ერთში, დაჩი ჩოჩოშვილის, ჩვენი მეკარის ჩართვა გადამწყვეტი გამოდგა.


ამის შემდეგ, ქართულმა გუნდმა, მოახერხა ნელ-ნელა უპირატესობის მოპოვება, თუმცა, ეს, შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით მე-19 წუთიდან მოახერხა, როდესაც თბილისელები უკვე ორი ბურთით იყვნენ წინ. ორივე გოლი კონტრშეტევაზე გავიტანეთ, აქედან პირველი, პირველივე მცდელობისას, რომელიც ცოტნე ბერელიძემ დაიწყო, რეზი დანელიამ გააგრძელა და მე-12 წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა დაასრულა. ზოგადად, ჰალიდს, რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით საუკეთესო იყო დღევანდელ შეხვედრაში უფრო მეტი გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა, რიგ მომენტებში არ გაუმართლა, აი ერთში კი, გადაცემის გაკეთებას და ბურთის თანაგუნდელისთვის დათმობას (მეორე ტაიმში), ალბათ, ჯობდა თავად დაერტყა. ასეა თუ ისე, სწორედ, ჰალიდის მიერ საკუთრი საჯარიმოდა წამოღებული ბურთისა და გადაცემის შემდეგ, ბელარუსთა კარი, მე-19 წუთზე მეორედ ავიღეთ, ამჯერად გოლი, გიორგი გვასალიამ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, უკვე, ცოტნე ბერელიძეს შეეძლო მესამე გოლის გატანა და ბურთის გასახდელში გატანებაც, იქნებ, დიდ უპირატესობის მოპოვებაც საპასუხო მატჩის წინ, თუმცა, მინსკელთა კარი, ხარიხამ იხსნა. 


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრას აკლდა საბა ხარებავა. ხოლო, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიდან დაბრუნებულმა მათე შათირიშვილმა, თბილისში დაბრუნების დღესვე ეროვნული ლიგის შეხვედრაში „გაგრასთან" მიიღო ტრავმა და 19-წლამდეთა ამ მნიშვნელოვან თამაშს, დღეს ისიც აკლდა.


გასაგებია, რომ პირველი თამაში მოვიგეთ, საკუთარ, მაგრამ ცარიელ სტადიონზე და ნომინალური სტუმრების რანგში, თუმცა, ფაქტია, რომ 10 დეკემბერს, ამავე „დინამო არენაზე", რომელზეც „დინამო თბილისისა" და მინსკის „დინამოს" 19-წლამდე გუნდების საპასუხო შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება, ბევრად უფრო რთული იქნება ორ-ბურთიანი „ფორის" მიუხედავად.


ფოტო: გიორგი (ზიზუ) ჯიქია