
„გაგრასა" და „თელავის" დაპირისპირებით დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ბოლოს წინა ტური დასრულდა. ტურის, რომელმაც რეალურად თითქმის ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა, თუმცა, ერთი პატარა ინტრიგა მაინც დარჩა. თუკი, ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში, „იბერია 1999"-ს ფეხი დაუცდება (თუნდაც, ითამაშოს ფრედ), ხოლო „დილა", საშინაო შეხვედრაში „დინამო თბილისს" მოიგებს, მაშინ საქართველოს ჩემპიონი გორის კლუბი გახდება. თუმცა, ის, რომ „იბერია 1999"-ს, რომელიც ახლოს არის დაიცვას ტიტული და ისტორიაში მესამედ გახდეს ქვეყნის ჩემპიონი არ გვგონია, მოტივაცია დაკარგულ „გაგრასთან", რომელსაც თავი ისედაც „ქუდში აქვს", 3 ქულის აღება გაუჭირდეს.
ალბათ, ამ მხრივ „დილას" უფრო რთულად აქვს საქმე, თუმცა, აქაც არის ერთი „თუმცა" - „დინამო თბილისმა", არაა გამორიცხული ბოლო ტურში, 19-წლამდე ფეხბურთელები „შეინახოს". შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდს, 5 და 10 დეკემბერს, უეფა-ს ახალგაზრდული ეტაპის მესამე რაუნდის თამაში უწევს, რომლის გადალახვის შემთხვევაში „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი, პირველი ქართული კლუბი გახდება, რომელიც აღნიშნული გათამაშების 1/16 ფინალში ითამაშებს.
მანამდე კი, ამ ფეხბურთელებთან და მთავარი გუნდის ტრავმირებული 19 და 21 წლამდე მცველების გარეშე (ნოემბრის სანაკრებო ფანჯარას შეეწირნენ), ქართულ დერბიში, „დინამო არენაზე", „ტორპედოსთან" შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ამ შეხვედრაში პირველი (ბარნს ოსეი 14') და ბოლო (ნანა-კოფი დონკორი 90') გოლები დინამოელებმა გაიტანეს. სტუმრებმა, ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებული და გადაცილებულ დროში დაჟინებით მოთხოვნილი 11-მეტრიანით გაიტანეს (ჩვენი აზრით, მსაჯები, კიდევ ერთხელ წამოეგნენ ქუთაისელი ლეგიონერების არტისტიზმს). ბიორნ იონსენმა პენალტი გაიტანა და ბომბარდირობისკენ კიდევ წაიწია წინ. მეორე ტაიმში კი, თბილისელთა ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა, რითაც „ტორპედომ" სეზონში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები გაინაღდა. ბოლო ტურში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, „დინამო თბილისი" ამ წელს მე-4 საფეხურს დასჯერდება, თუმცა, მომავალ სეზონში, ისიც იმ ოთხ ქართულ კლუბს შორისაა, რომელიც ევროტურნირებზე იასპარეზებს.
ორი შეხვედრა წყალტუბოში და თბილისში ერთნაირი ანგარიშით ოთხბურთიანი სხვაობით დასრულდა. წყალტუბოში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში „სამგურალმა" 4-0 დაამარცხა ბათუმის „დინამო". მასპინძელთაგან ერთი გოლი გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა თუმცა, უკვე ნათელია, რომ გიორგი ბომბარდირობისთვის დავაში იონსენს ვეღარ შეეცილება.
თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე კი, „გარეჯი", „იბერია 1999"-თან დამარცხდა 0-4. აღსანიშნავია, რომ წინა ტურის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც გაიტანა ამირან ძაგანიამ, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი აქვს გატანილი.
ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე, ქვედა ლიგაში დაქვეითებულმა „კოლხეთი 1913"-მა დიდი ანგარიშით, 1-4 წააგო გორის „დილასთან".
და ბოლოს, „პეტრო არენაზე" დღეს, „გაგრასა" და „თელავს" შორის, კახური გუნდის გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ვალერი გაგუას ფეხბურთელებმა, ამ მოგებით, სატურნირო ცხრილში, 1 ქულამდე შეამცირეს სხვაობა „გარეჯთან" და ბოლო ტურში, წარმატების შემთხვევაში, რომელსაც სახლში, „კავკასიონ არენაზე", წყალტუბოს „სამგურალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მე-8 ადგილით დაასრულებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერთა შორის დასარჩენად, ფლეი-აუთში, „მეშახტეს" დაუპირისპირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „თელავის" გარდა, ფლეი-აუთში „გარეჯიც" ითამაშებს. მათ კი, სწორედ ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგების შემდეგ, „სპაერი" ან „მეშახტე" დაუპირისპირდებათ.
სატურნირო ცხრილი
ფოტო: © დინამო თბილისი / ლაშა კუპრაშვილი

|
|
|





ჩვენ








