
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა, ვერ მოახერხა ზედა ლიგაში დაწინაურება, თუმცა, ბოლო შეხვედრა, ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე 0-4 (მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) მოიგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სამშობლოში, გამოსწორებული განწყობით ბრუნდება.
აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრა, რომელიც არც ერთი გუნდისთვის იმაზე მეტას არაფერს წყვეტდა ვიდრე, მომდევნო წილისყრაზე უკეთეს კალათაში მოხვედრა, ლალე დავითაშვილის გუნდის აქტიურობით დაიწყო და მე-10 წუთისთვის, ანანო წიქარიძის (2', 9') დუბლით, ჩვენი ნაკრები უკვე 0-2-ს იგებდა. ქართველთა ნაკრები პირველ ტაიმში სრულად აკონტროლებდა ბურთს და ძირითადად, მეტოქის ნახევარზე იმყოფებოდა. კარშიც ურტყამდა და 45-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის შეცდომით, კარგად ისარგებლა ანასტასია ბუჩუკურმა და მეზობლებს ბურთი გასახდელში გაატანა. პირველი ტაიმი 0-3 მოვიგეთ.
შეხვედრის მეორე მონაკვეთში, აზერბაიჯანელებმა შედარებით მოუმატეს და ორჯერ კარის ჩარჩოში დარტყმის მცდელობაც კი ჰქონდათ, თუმცა, მხოლოდ მცდელობა. მეორე ტაიმის შუაწელში სტანდარტულის შემდეგ, ჩვენებმა მოახერხეს გოლის გადატანა, თუმცა, მალტელმა მსაჯმა თამაშგარედ ჩათვალა და გოლი გაგვიუქმა. ამის შემდეგ, 73-ე წუთზე, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ჩვენს სასარგებლოდ, არც 11-მეტრიანი დადო, თუმცა, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, მაინც მოახერხა 90-ე წუთზე გოლის გატანა - შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა მარიამ გოგოლაძემ დასვა. ამასთან, ჩვენმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა.
თუმცა, მოგება მოგებად, მაგრამ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, უკვე დგება დრო, როდესაც განსაკუთრებით ქალთა გუნდებმა, მითუმეტეს ამ ასაკში, დაიწყო თანაგუნდელების მეტად ჩართვა სიტუაციაში, დროული პასების გაცემა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრებები გარდა (ბუნებრივია ვუტრირებ) სხვა გუნდების წინააღმდეგაც, გააზრებულად და ფსიქოლოგიურად მშვიდად თამაში. იმედია, მომავალი შესარჩევი ციკლიდან ჩვენი ასაკობრივი (მათ შორის ბიჭების) სამწვრთნელო შტაბები, ამ საკითხზეც დაფიქრდებიან.
ამ ჯერზე კი, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, როგორც გითხარით ზედა ლიგაში დაწინაურება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, B5 ჯგუფიდან ამის გაკეთება მინი-ტურნირის მასპინძელი, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებმა მოახერხა. ისევე როგორც სლოვაკეთმა (B2), უნგრეთმა (B4) და ლატვიამ (B6). კიდევ ორ ჯგუფში, გასარკვევია გამარჯვებულთა ვინაობა. რაც შეეხება, საუკეთესო მეორეადგილოსნის რანგში რომელი ნაკრები დაწინაურდება, ზემოთხსენებულ ორ ჯგუფში თამაშების დასრულებამდე, 7 ქულით, სლოვენიის ნაკრებია, რომელმაც დღეს, B5 ჯგუფში ფრედ, 1-1 ითამაშა ჩრდ. მაკედონიასთან.
და ბოლოს, ალბათ, კიდევ ერთხელ რომ არ დავაფიქსირო, არ იქნებოდა მართებული - ჩვენი ჯგუფის მატჩებს, როგორც გითხარით ჩრდ. მაკედონიამ უმასპინძლა. თამაშების რეპორტაჟისას კარგად ჩანდა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო მინდვრის საფარი და ამას გარდა, კარის უკან განთავსებული კედელი, რომელიც უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად სულაც არ იყო 2,5-3 მეტრით მოცილებული სათამაშო მოედანს და არც სათანადოდ იყო შეფუთული. აქედან გამომდინარე, ალბათ არ იქნება ურიგო, თუ სამომავლოდ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასაკობრივი ნაკრებებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, ტურნირებს ჩვენკენ (საქართვეო, სომხეთი, აზერბაიჯანი) წამოვიღებთ.

|
|
|





ჩვენ








