სამი ქართული გოლი ევროპული საკლუბო ჩემპიონატების ჩავლილ უქმეებზე
სამი ქართული გოლი ევროპული საკლუბო ჩემპიონატების ჩავლილ უქმეებზე
01.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავსტრიის ბუნდესლიგაში კვლავ გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა. ამჯერად, 11 -მეტრიანით და ზედიზედ მეორე ბუნდესლიგურ ჩემპიონატში, თუმცა, თუ ჩავთვლით უეფა-ს ევროპა ლიგაზე გატანილ გოლსაც, ეს ქართველისთვის მე-3 გოლია ბოლო 7 დღეში. აღსანიშნავია, რომ „ჰარტბერგის" წინააღმდეგ, მე-15 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გამოჩნდა და გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო თამაშის დასრულების შემდეგ. ამ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი კი, „კიტემ" 81-ე წუთზე გაიტანა. 15 ტურის შემდეგ, „შტურმს" ერთი თამაშით და ერთი ქულით ნაკლები აქვს, ცხრილის სათავეში მყოფ „ზალცბურგთან" შედარებით, თანაბარი ქულები აქვს „ლასკთან" თუმცა, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე წინ „ლასკია".


ბრატისლავაში, სლოვენიის „ნაიკის ლიგის" მე-16 ტურში, გურამ კაშიას „სლოვანმა" დაძაბულ ბრძოლაში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 და მე-6 წუთებზე მარკო ტოლიჩის დუბლით, „მიხალოვცე" დაამარცხა 3-2. თუმცა, მანამდე, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 68-ე წუთზე, ვლადიმირ ვაისის გუნდი, გურამ კაშიას თავით გატანილი გოლის შემდეგ დაბრუნდა თამაშში. კაშომ, გაათანაბრა 1-1. თუმცა, 85-ე წუთზე სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ და „სლოვანიც" მარცხთან იყო ახლოს, რომ არა, ზემოთ ხსენებული ტოლიჩის დუბლი. „სლოვანი", 36 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია. ჩვენ კი, რაც გვახარებს ისაა, რომ „კაშო" ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ამას, გარდა, მეორე თამაშია ზედიზედ, ქართველს გოლი გააქვს.



გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში ბუდუ ზივზივაძის გარეშე, „ჰაიდენჰაიმმა" გასვლით შეხვედრაში „უნიონ ბერლინი" 1-2 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა, თუმცა, კვლავ გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხება ქართველს, მან თამაში მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.


გაიმარჯვა „ჰამბურგმაც", რომელმაც საშინაო შეხვედრაში „შტუტგარტი" დაამარცხა 2-1. გიორგი გოჩოლეიშვილი მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე, 67-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში 1-1 იყო. ბოლო 10 წუთეულში კი, მისი გუნდი 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, მე-4 წუთზე, ფაბიო ვიეირამ გაიტანა და „ჰამბურგს" გამარჯვების ქულები მოუტანა. 12 ტურის შემდეგ, 12 ქულით „გოჩოლას" გუნდი მე-13 ადგილზეა.


გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-14 ტურში გასვლითი შეხვედრა წააგო ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა", რომელიც გასვლით შეხვედრაში 3-0 დამარცხდა „მაგდებურგთან. „ლოჩომ" სასტარტოდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი კი, 14 ტურის შემდეგ, 18 ქულით მე-10 ადგილზეა.


ესპანური ლა ლიგის მე-14 ტურში „ბომბარდირის" „ვილიარეალმა" გასვლით შეხვედრაში 2-3 გაიმარჯვა „რეალ სოსიედადთან". გიორგი მიქაუტაძე მინდორზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა, რა დროსაც მისი გუნდი 1-2-ს იგებდა. თუმცა, მასპინძლებმა, 87-ე წუთზე ანდერ ბარენეჩეას გოლით გაათანაბრეს და მატჩიც საყაიმო დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა, თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე, ალბერტო მოლეირომ „ვილიარელის" სასარგებლოდ გამარჯვების გოლი გაიტანა. ჟორჟის გუნდი, 32 გუნდით, „ბარსელონასა" და „რეალ მადრიდის" შემდეგ.


ინგლისის პრემიერ ლიგაში, მე-13 ტური, გიორგი მამარდაშვილის გარეშე მოიგო „ლივერპულმა". ქართველი, სათადარიგო სკამზე იყო, მერსისაიდელებმა კი, „ვესტ ჰემი" გასვლით შეხვედრაში 0-2 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგაც კი, „ლივერპული" 21 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" ჩემპიონშიპის მე-18 ტურის შეხვედრას ხვალ, 2 დეკემბერს, „ბირმინგემის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


შვეიცარიის სუპერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო გაბრიელ სიგუამ. ქართველოს გუნდმა, მე-15 ტურში, საშინაო შეხვედრაში „თუნი" 2-1 დაამარცხა. „ლოზანა" პირველი ტაიმის შემდეგ, 2-0-ს იგებდა, თუმცა, მეორე ნახევარში, ზედმეტობაში მყოფმა, მაინც გაუშვა გოლი. 20 წლის ქართველი, 74-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი, სატურნირო ცხრილში, 19 ქულით, ჯერ-ჯერობით მე-8 ადგილზეა.


იტალიის სერია B-ს მე-14 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა „რეჯიანა". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი დაჰყო. მისი გუნდი 28 ქულით მეორე ადგილზე და ამ ეტაპზე დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატია.


გიორგი გულიაშვილის „სარაევომ" ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-12 ტურში ფრედ, 0-0 ითამაშა „შიროკი ბრიეგისთან". ქართველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გულიაშვილის გუნდი, 22 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ „ბორაცი ბანია ლუკას".


კვიპროსის ლიგაში, მე-12 ტურის შეხვედრაში ლიმასოლის „არისმა" გოლების ათვლა, 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გოლით დაიწყო. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 77 წუთი დაჰყო. მისმა გუნდმა კი, „პარალიმნი" 4-0 დაამარცხა. 12 ტურის შემდეგ, „არისი", სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს, „პაფოსს". აქვე გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა", რომელიც ამჟამად, ცხრილის მე-12 საფეხურზეა, განვლილ ტურში ფრედ, 1-1 ითამაშა „აპოელთან".


პორტუგალიის ლიგის მე-12 ტურში მხოლოდ 12 წუთი და კომპენსირებული დრო მიეცა გიორგი ქოჩორაშვილს, რომლის „სპორტინგმაც" დიდი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა „ესტრელა".  ქართველის გუნდი, ცხრილის ლიდერს „პორტუს" 3 ქულით ჩამორჩება და 31 ქულით, მეორე ადგილზეა. რაც შეეხება, აღნიშნულ ლიგაში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველის ნოდარ ლომინაძის გუნდს, „ეშტორილის", ის 13 ქულით, მე-10 ადგილზეა. გუნდმა აღნიშნულ ტურში, სწორედ, „პორტუსთან" წააგო მინიმალური ანგარიშით 1-0. ლომინაძე განაცხადში არ ყოფილა.


და ბოლოს საფრანგეთი და იქ მყოფი ქართული ლეგიონის შესახებ. ლიგა 1-ში 2025-2026 წლების სეზონში, მეორედ წააგო ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ. ქართველის გუნდი, 30 ქულით ცხრილის მეორე საფეხურზეა, გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა „მონაკოსთან".  მიუხედავად იმისა, რომ მე-80 წუთიდან მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ, პარიზელებმა ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ქართველმა, ბუნებრივია, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, 76-ე წუთზე ის შეცვალეს.


მინიმალური ანგარიშით, 0-1, მხოლოდ საშინაო შეხვედრა „რენისთან" წააგო „მეცმაც". ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალენტინ რონჟიერიმ გაიტანა. „მეცის" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი წიტაიშვილმა და სრული შეხვედრა ჩაატარა. აი, გიგი აბუაშვილს კი, თამაშში ჩართვის უფლება მხოლოდ 88 (!) წუთზე მისცეს. ამ მომენტისთვის, ქართველების გუნდი 11 ქულით ცხრილში, ბოლოდან მეორე ადგილზეა.


ამ მომენტისთვის ეს იყო, შეგახსენებთ, რომ უკვე დღეს და ხვალ, სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდები ითამაშებენ.



სტატია რედაქტირებულია და გამოყენებულია "სლოვანის" ფოტოები