საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ესპანეთთან 29 ქულით წააგო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ესპანეთთან 29 ქულით წააგო
01.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ტენერიფეში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, ესპანეთის ნაკრებთან 29 ქულით, 90-61 (მატჩის სტატისტიკა) წააგო. თუ არ ჩავთვლით ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის ჩატარებული პირველ მეოთხედს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ჩაატარა, რამდენჯერმე მოახერხა 8-10 ქულით დაწინაურება და საბოლოოდ, 3 ქულით, 19-22 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში სამქულიანით გახსნა, ეს მონაკვეთი ამ სამი ქულით დაასრულა.


ჯიკიჩმა, დღევანდელ მატჩისთვის, შემადგენლობაში მცირე ცვლილება გააკეთა - ლუკა მაზმიშვილის ნაცვლად, რომელსაც უკრაინასთან შეხვედრაში არც უთამაშია, მატჩის განაცხადში სანდრო სანაძე დააყენა, რომელსაც მხოლოდ ბოლო მონაკვეთის დასასრულს 1:58 წუთი მისაც სათამაშო დრო, მან კი, 2 ქულის აღება მაინც მოახერხა. რეალურად დღეს სერბმა სპეციალისტმა, ცოტ-ცოტა დრო ყველა კალათბურთელს მისცა. თამაში კი, საქართველოს ნაკრებმა იმავე ხუთეულიც დაიწყო, როგორც თბილისში - რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია. თბილისის მატჩისგან განსხვავებით, დღეს უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონდა მათე ხატიაშვილს, 21:07 წუთი და ამ დროში, 17 წლის ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც გამოცდილმა თორნიკე შენგელიამ.


საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი კი მოიგო, მაგრამ ჩვენი გუნდის სუსტი ადგილი მშვენივრად იკითხებოდა - ქართველთა გუნდმა ვერ მოახერხა პერიმეტრის გაკონტროლება. მეორე მეოთხედის მიწურულს, ამას გაუმართავი შეტევები დაემატა. 5 წუთით ადრე, ამ მონაკვეთის დასრულებამდე, პეპ ბუსკეტსის 3-ქულიანის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები წინ გავიდა და ნელ-ნელა უპირატესობის გაზრდა დაიწყო. მონაკვეთი 28-11 და შესაბამისად ტაიმი, 47-33, 14 ქულით მოიგო. ამ მონაკვეთში, ქართველთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე იყო 7 ქულით, თუმცა, დუდა ტრავმა მიიღო და შესაბამისად, ის მეტი პარკეტზე აღარ გამოჩენილა. სავარაუდოდ, დუდას ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში გაირკვევა.


პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს გუნდიდან მარგი ქმედების კოეფიციენტით გამორჩეული გიორგი კორსანტია იყო (6%), რომელმაც საბოლოოდ 6 ქულით დაასრულა ასპარეზობა. მოხსნების თვალსაზრისით, ჩვენი გუნდიდან 4 მოხსნა გიორგი შერმადინის ანგარიშზე იყო, რომელმაც მეორე ტაიმში, მხოლოდ 2 მოხსნაღა შემატა ამ ნადავლს, ქულა კი, მხოლოდ 8 დაასრულა. თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტით (13%) შერმადინი ქართულ გუნდში საუკეთესო იყო. შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩი, შერმადინისთვის 202-ე იყო. ამით, გიორგიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამ გადმოსახედიდან და ნოემბრის ფანჯარაზე დაყრდნობით, საკმაოდ რთულია გათვალო, რა გამოსავალი უნდა იპოვოს ქართველთა ნაკრებმა, რამეთუ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის არყოფნაში, თებერვალში, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება.


დუდას გარეშე, დაღლილი შენგელიას თავგანწირვის მუხედავად,  ბევრი გაფუჭებული საჯარიმოს ფონზე, უამრავი წვრილმანი შეცდომით, მხსნელად მოყვანილი ჯიკიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა მესამე მეოთხედი 23-13, დასკვნითი კი, 20-15 წააგო. სხვაობა, ისე მალე ავიდა 30 ქულაზე, რომ საქართველოს ნაკრებმა გააზრება ვერ მოასწრო. ჩვენი დაკვირვებით, ზოგადად, სერბი სპეციალისტის გუნდში მოსვლის შემდეგ, ჩვენს ეროვნული ნაკრებს, უბრალოდ, თითქოს სული აღარ აქვს. სერბი, შესაძლოა ძლიერი სპეციალისტია და ტექნიკურადაც ვარჯიშებზე უფრო კარგად ალაგებს თეორიაზე დაგეგმილს თუმცა, ფაქტია, რომ მოედანზე გუნდს ზუროსის დროინდელი ნაპერწკალი აკლია.


მოკლედ, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი აგრძელებს ასპარეზობას, ჩვენთვის დაუგეგმავად ცუდად დაიწყო და ახლა მთელი იმედები თებერვალს და დანიასთან ორ მოგებულ შეხვედრას უკავშირდება. თაობათა ცვლა გასაგებია, აუცილებელია და გარდაუვალია - მსგავსი ყველა გუნდში ხვდება, თუმცა, მაგალითად ისეთ ქვეყანაში, როგორის წარმომადგენელიც ჩვენი მწვრთნელი ჯიკიჩია, ყოველთვის არის ის რესურსი, რომ მსგავსი პროცესი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადალახოს. ჩვენთან ეს, ცოტა რთული თემაა და ამას, ის სირთულეც ემატება, რომ კალათბურთის ფედერაციას რატომღაც, კრიტიკა სწყინს და ის მედიაც, რომელიც გამოსავლის ძებნისკენ უბიძგებს, ან აფიქრებს მაინც, დისტანციაზე ჰყავდეს.



ფოტო: © FIBA