
ლაშა ბექაური სეზონის ბოლოს წინა გრან სლემის გამარჯვებულია. გიორგი სარდალაშვილის შემდეგ კი, ირაკლი დემეტრაშვილი მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც აბუ დაბიში ბრინჯაო მოიგო.
აბუ დაბიდან ქართული გუნდი ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. ბუნებრივია, ქართული მადიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა, 2025 წლის სეზონის ბოლოს წინა გრან სლემზე, მოდით ამით დავკმაყოფილდეთ. მითუმეტეს, რომ დღეს, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ასპარეზობით გვასიამოვნა.
2025 წლის აბუ დაბის გრან სლემის მესამე საასპარეზო დღეს, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო და ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკთან გოლდენ სქორში იპონით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველს, დამატებითი დრო იმიტომ კი არ დასჭირდა, რომ გაუჭირდა. არამედ, ჩვენი აზრით, უბრალოდ, კარგად გახურდა. მომდევნი წრეში, 1/8 ფინალში ქართველის პირისპირ 24 წლის რუსი ეგორ ანდონი აღმოჩნდა. ჯუდოს მოყვარულებმა იცით, რომ IJF-ის გადაწყვეტილებით, აბუ დაბის გრან სლემიდან მოყოლებული, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად დაუშვა რუსმა სპორტსმენებმა მათი ქვეყნის სახელით იასპარეზონ. ბექაურმა რუსი ვაზარით დაამარცხა. ვაზარით მოიგო ლაშამ, 1/4 ფინალური შეხვედრაც, ამჯერად, სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვთან. 1/2 ფინალში, სამხრეთ კორეელ იონგჰონ კიმთან ბრძოლის დაწყებიდან 1:35 წუთზე აღებული იუკო, ბექაურის ფინალური საგზური აღმოჩნდა. ზოგადად, ქართველმა საკმაოდ მარტივად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოახერხა ფინალში გასვლა, სადაც მისი მოწინააღმდეგე მოლდოველი მიჰეილ ლატიშევი იყო. 2024 წლის თბილისის გრან სლემის შემდეგ, პირველი გრან სლემის მოსაგებად, ლაშა ბექაურს ორი წუთიც კი არ დასჭირვებია.
+100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ბექაურის მსგავსად, ირაკლიმაც მეორე წრიდან დაიწყო. 1/8 ფინალში ქართველა ლოსენი კონე დაამარცხა, მომდევნო 1/4 ფინალურ დაპირსიპირებაში კი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა, ნახევარფინალში კი, მონღოლეთის სახელით მოასპარეზე გონჩიგსურენ ბატჰუაგთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის ფინალში გადაერთო. იქ კი, დემეტრაშვილმა აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი იუკოთი დაამარცხა და აბუ დაბის გრან სლემის ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
დღესვე, -100 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიგო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წონაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა. 1/2 ფინალში გადასასვლელი ბრძოლა „შერაზადამ" რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანთან დამარცხდა, რომელმაც აბუ დაბის სასტარტო შეხვედრა გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართული ფესვების ჯუდოკას, გიორგი უძილაურს მოიგო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთ კვირაში 6-7 დეკემბერს, იაპონიაში, 2025 წლის ბოლო, ტოკიოს გრან სლემი გაიმართება. 44 მონაწილე ქვეყანას შორის არის საქართველო, რომლის წარმომადგენლებიც 8 წონით კატეგორიაში 13 ჯოდოკათი (9 ბიჭი, 4 გოგონა) შეუტევენ მთავარ პრიზებს. მონაწილეთა შორის იქნებიან ლაშა ბექაური და ირაკლი დემეტრაშვილიც.

|
|
|





ჩვენ








