ორი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი მედალი, გაცრუებული მეორე დღე და ბოლო დღის მოლოდინი
ორი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი მედალი, გაცრუებული მეორე დღე და ბოლო დღის მოლოდინი
29.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯუდოს გრან სლემი სერიის ბოლოს წინა  ტურნირზე, ასპარეზობის ორი დღის შემდეგ, ქართველთა სათვალავში, მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალია. აბუ დაბიში მიმდინარე ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს -60კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა, რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო, მედლამდე გზა საკმაოდ მძიმედ გაიარა, სასტარტო შეხვედრა დამატებით დროში, მხოლოდ შიდოების უპირატესობით მოიგო. ამის შემდეგ, იპონით დამარცხდა 1/2 ფინალში და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა. აქ კი, შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე მოახერხა ვაზარის აღება და მედლის მოგება.


ხვალ, ტურნირის ბოლო დღეს, ქართული გუნდი, ორი სპორტსმენით  იქნება წარმოდგენილი. -90კგ ლაშა ბექაური, რომელიც თბილისის 2024 წლის გრან სლემის შემდეგ, IJF-ის მსოფლიო ტურნეს პირველ გრან სლემზე იასპარეზებს და ვიმედოვნებთ, ოქროს მედლისკენ გზას, მეორე წრიდან დაიწყებს.


+100კგ წონით კატეგორიაში კი, ირაკლი დემეტრაშვილი, რომელსაც 1/2 ფინალში გასაღწევად, ორი ბრძოლის გამართვა მოუწევს.


აბუ დაბიში მიმდინარე გრან სლემის მეორე საასპარეზო დღე, ქართული გუნდისთვის ე.წ. „ფინალური ბლოკის" გარეშე დასრულდა. IJF-ის მსოფლიო ტურნეს მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი ორ წონით კატეგორიაში ოთხი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი.


-73 კგ წონით კატეგორიაში საქართელოს ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი წარმოადგენდნენ. რეალურად ჯუდოს ქართველი მოყვარულები ორივე მინიმუმ ფინალურ ბლოკში ელოდა, თუმცა, „შავი", რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ კარიმ აბდულაევთან იუკოთი დამარცხდა და ასპარეზობას ვადაზე ადრე გამოეთიშა. რაც შეეხება ბახბახაშვილს, მანაც მეორე წრიდან დაიწყო და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელმაც დაახლოებით 12 წუთს გასტანა, ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, შვეიცარიელ ნილს სტამპთან დამარცხდა.


ორი წარმომადგენელი გვყავდა -81 კგ წონით კატეგორიაშიც. დიმიტრი გოჩილაიძე და  ჯუმბერ მელაძე, რომლებმაც  მეორე წრიდან დაიწყეს და თითო შეხვედრა მოიგეს. თუმცა, ამის შემდეგ,  ტურნირს გამოეთიშნენ. აღნიშნულ წონით კატეგორიაში, საერთო ჯამში კიდევ ჩვენი ქვეყნის ფესვებთან კავშირში მყოფი კიდევ ოთხი წარმომადგენელი ასპარეზობდა - საამიროების სახელით ნუგზარ ტატალაშვილი, ავსტრიას მაგამედ ბორჩაშვილი, თურქეთს კი, ვედათ ალბაირაქი წარმოადგენდნენ. საბერძნეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ჩუთლაშვილი კი, მეორე წრეში მელაძესთან დამარცხდა. ამ ჩამონათვალიდან რეპეშაჟში ტატალაშვილმა გააღწია, თუმცა სულ ეს იყო.


და ბოლოს, აბუ დავის გრან სლემზე, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, ხოლო საერთაშორისო სპორტულმა საზოგადოებამ რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსს, საკუთარი ქვეყნის სახელითა და დროშით ასპარეზობა აუკრძალა, პირველად რუსეთმა კლავ, საკუთარი დროში ფერებით მოახერხა შეჯიბრში მონაწილეობა. სხვათა შორის, რუსეთს ოფიციალურად საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება დართო ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამაც. თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.


ფოტო: (c) IJF