
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა. თუმცა, მანამდე გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" დორტმუნდში, ქართველებისთვის კარგად ნაცნობ სტადიონზე დიდი ანგარიშით, 4-0 წააგო „ბორუსიასთან". ჟორჟი, რომელმაც სანაკრებო ფანჯარა ტრავმის გამო გამოტოვა, შემადგენლობაში იყო, თუმცა, ქართველო მოედანზე არ გამოსულა.
დღე კი, გიორგი ზარიას „კაირათმა" გახსნა, რომელიც სტუმრად „კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 69-ე წუთიდან, ძალიან კარგად ჩაერთო. 73-ე წუთის შემდეგ, „კაირათი" 0-3 მარცხდებოდა. ალმა თელებმა, 81-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს, 90-ე წუთზე კი, სწორედ ზარიას გადაცემით, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, ყაზახურმა გუნდმა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა. ბოლო წუთზე, ზარიას მორიგი გადაცემის შემდეგ, ყაზახებმა კარგი შანსი გაანიავეს და საბოლოოდ, 3-2 დამარცხდნენ.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენსა და „ტოტენჰემს" შორის. ლონდონელებმა ანგარიში 35-ე წუთზე რიშარლისონის გოლით გახსნეს, თუმცა, 10 წუთში, 45-ე წუთზე ვიტინიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლონდონელები, კოლო მუანის გოლით კვლავ წინ გავიდნენ. თუმცა, სამ წუთში ვიტინიამ „კვარას" პასით ანგარიში კვლავ გაათანაბრა. რუისისა და პოჩოს გოლებით კი, პსჟ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა , 4-2. ინგლისელებმა ბოლო ოცწუთეულში კვლავ დაძაბეს ვითარება - კოლო მუანიმ 72-ე წუთზე სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა, 76-ე წუთზე რომეროს ხელით თამაშის გამო, მათ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ვიტინიამ გაიტანა და საბოლოოდ, ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩი, პსჟ-ს გამარჯვებით, 5-3 დასრულდა. „კვარა" კი, 79-ე წუთზე, უსმან დემბელემ შეცვალა.
მძიმე მატჩი გამოუვიდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელიც პსვ-სთან საშინაო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველივე წუთებზე გუნდის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მე-6 წუთზე პერისიჩმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. თუმცა, მალევე ლივერპულელებმა ანგარიშის გათანაბრება მე-16 წუთზე, სობოსლაის გოლით შეძლეს. მეორე ტაიმში კი, „მამარდამ" სამი გოლი გაუშვა და ლივერპულმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, 1-4. აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერლიგის მეთორმეტე ტურში მერსისაიდელებმა ენფილდზე „ნოტინგემ ფორესტთან" 0-3 წააგეს, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში „ლივერპულის" კარს ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული ალისონ ბეკერი იცავდა.
საშინაო შეხვედრა მოიგო გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა". პორტუგალიურმა კლუბმა „ბრიუგე" დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა. ქოჩორა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფა-ს კიდევ ორ საკლუბო ტურნირში ოთარ კიტეიშვილი, გაბრიელ სიგუას, ანრი მექვაბიშვილისა, ირაკლი აზაროვისა და გურამ კაშიას გუნდები ითამაშებენ. რეალურად, კიდევ ერთი ქართველის, ლუკა გუგეშაშვილის „პაოკსაც" უწევს თამაში, თუმცა, „გუგეშა" რეგისტრაციის მიღმაა.

|
|
|





ჩვენ








