
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების შესარჩევ ციკლს გუნდთან ერთად დაიწყებს. კაპიტანი, მშობლიურ ნაკრებს თბილისში 27 ნოემბერს, კერძო ჩარტერით, ჩვენი დროით 15:50 წუთისთვის ჩამოფრინდება და „ქორთიარდ მერიოტში" განთავსებულ ნაკრებს მაშინ შეუერთდება, როდესაც დიდი ალბათობით, გუნდს, თამაშზე გამოსვლამდე ბოლო „თეორია" და კვება ექნება - ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და მატჩის დღეს, გუნდების შიდა განაწესის მიხედვით, თოკოს, სწორედ ამ გრაფიკზე უწევს აწყობა.
გამომდინარე კაპიტნის ფაქტორიდან, არ არის გამორიცხული და ვივარაუდებთ, რომ თოკომ, თბილისი არენაზე, 27 ნოემბერს, 20:50 წუთზე დაგეგმილ მატჩში სასტარტო ხუთეულიდანაც დაიწყოს ასპარეზობა, რაც ალბათ, გუნდისთვის ის სტიმული უნდა გახდეს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას მოაგებინებს. მით უმეტეს, რომ ამ შესარჩევის დროს, ქართველთა ნაკრებს დიდი ალბათობით, ვერ დაეხმარებიან გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი (NBA-ს განაწესიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე), ხოლო გიორგი შერმადინი, საქართველოს ნაკრების რიგებში, მხოლოდ ნოემბრის ფანჯრის თამაშებს ჩაატარებს.
რამდენიმე დღის წინ, ქართული მედია და ჩვენი გვერდიც მათ შორის, იუწყებოდა, რომ შენგელიას ჩამოსვლა და ნოემბრის თამაშებში მონაწილეობა, პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რადგან თოკოს „ბარსელონას", ფიბა-ს ევროლიგაზე უწევს ასპარეზობა, სადაც კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია. ფიბა-ს სხვადასხვა რგოლი უკვე წლებია ვერ თანხმდება საკლუბო და სანაკრებო კალენდრების გამართულ და შეთანხმებულ მუშაობაზე, თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად, ევროლიგის მონაწილე კლუბებს, სურვილის მიხედვით, შეუძლიათ, მათი კალათბურთელების ეროვნულ გუნდებში გაშვება. შესაბამისად, 26 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ევროლიგაზე არსებული მცირე პაუზით სარგებლობის უფლება, ჩვენს კაპიტანს „ბარსელონაში" დართეს.
ამრიგად, თოკო შენგელია, ევროლიგის მე-13 სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, რომელიც თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება 26 ნოემბერს და შესაბამისად, თბილისი დროით, უკვე 27 ნოემბერს დასრულდება, ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თბილისში გამოსამგზავრებლად დაიწყებს მზადებას. შესაბამისად, შენგელია ევროლიგაში დასრულებული მატჩიდან 19 საათში, ბარსელონადან 4500 კილომეტრით დაშორებულ, თუმცა, მშობლიურ ქალაქში და მშობლიური გულშემატკივრის წინაშე, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის პირველ თამაშზე, თბილისი არენაზე, მოედანზე გამოვა და ერთი დღის მანძილზე, მეორე შეხვედრას ჩაატარებს, რაც კალათბურთის ისტორიაში უპრეცენდენტოა.





ჩვენ







