გოლი და საგოლე გადაცემა - თინათინ ამბალია საშობაო შესვენებას ამაღლებულ განწყობაზე ხვდება
გოლი და საგოლე გადაცემა - თინათინ ამბალია საშობაო შესვენებას ამაღლებულ განწყობაზე ხვდება
24.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი და ქალთა ფეხბურთის მომავლის ერთ-ერთი თვითმყოფადი წარმომადგენელი თინათინ ამბალია საახალწლო არდადეგებზე, სამშობლოში მოგებული თამაშით, სადებიუტო გოლითა და გადაცემით ბრუნდება.


ჩეხეთში, ქალთა ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენება, რომელიც თებერვლამდე გასტანს, ქართველი ლეგიონერი ქალი ფეხბურთელის გუნდისთვის ალბათ, წარმატებულად შეფასდება, ვინაიდან პრაღის სპარტა, ამ მომენტში, 10 ტურის შემდეგ 30 ქულით, ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერობს.


ამას გარდა, საშობაო არდადეგებამდე, „სპარტა პრაღამ" ჩეხეთის ქალთა თასის 1/8 ფინალში, გუშინ, ჩეხეთის ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი „პადრუბიცე" გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით 0-4 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


აღსანიშნავია, რომ 19 წლის ქართველ ფეხბურთელ გოგონას ამ შეხვედრაში „სპარტას" მწვრთნელებმა სრული ნდობა გამოუცხადეს, დააყენეს სასტარტო შემადგენლობაში და სრული სათამაშო დრო დაუთმეს. ამბალიამ კი, მოლოდინები გაამართა, მეორე ტაიმში, როდესაც პრაღელები უკვე ორბურთიანი სხვაობით წინ იყვნენ, თიკოს გადაცემით, მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანეს. ამ შეხვედრას კი, წერტილი ჩვენმა, თინათინ ამბალიამ დაუსვა, რომლისთვისაც, „სპარტა პრაღას" ძირითად შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლი გამოდგა. სხვათა შორის ამბალიას, კიდევ ერთი გოლი, „სპარტას" მეორე შემადგენლობაში აქვს გატანილი.


ჩეხეთის ჩემპიონატი და თასის გათამაშება 2026 წლის თებერვლიდან განახლდება. თუმცა, თინათინ ამბალიას გუნდი მზადებას 5 იანვრიდან შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში გადასვლამდე, თინათინ ამბალია, ქართული, ქალთა ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ბომბარდირი იყო - ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელშიც ფეხბურთელმა ბოლო სამი შეხვედრა აღარ ჩაატარა, 23 გატანილი გოლი ჰქონდა. ქართულ ჩემპიონატზე, რეგულარულ ჩემპიონატზე მასზე მეტი, 26 გოლი ლელუ ჭიჭინაძეს, 27 ეთო სულაშვილს და 29 თეონა ბაქრაძეს ჰქონდა გატანილი.



ფოტო: სპარტა პრაღა