„კიტემ“ გაიტანა, „წიტამ“ გაიტანა, შოთას გუნდმა თამაში დაატრიალა
„კიტემ“ გაიტანა, „წიტამ“ გაიტანა, შოთას გუნდმა თამაში დაატრიალა
24.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიაზროთ რა დაგვემართა, სად „წავიდა" ის გუნდი, რომელმაც 2024-ში პატარა საფეხბურთო იმედები ჩაგვისახა, ვაანალიზებთ, ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავზე შეგვიძლია ამის თქმა, რომ მსგავსი ჩავარდნა ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებსაც ჰქონიათ და ამ გარემოებით სულაც არ ვიმშვიდებთ თავს, რადგან მომდევნო შესარჩევამდე, მცირე დროა და ჩვენ, 2026 წლის გაზაფხული-შემოდგომისთვის უკვე სრულფასოვნად რეაბილიტირებულები უნდა ვიყოთ - როდესაც ვიძახით ჩვენ, ვგულისხმობ გუნდს, გულშემატკივარს და მედიას, რომელიც ზოგჯერ, რაღა დაგიმალოთ და ზედმეტ მოლოდინებს აჩენს, საზოგადოებაში, მათ შორის თავად სპორტსმენებში. ამიტომ, მივყვეთ დინებას და უბრალოდ შევხედოთ, მომავალ სანაკრებომდე, ჩვენი ლეგიონი ვინ სად და როგორ არის...


მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში, რომელის ჩემპიონატიც, ბევრად შორს არის ტოპ ლიგებიდან და თუნდაც, პირველი 15 ჩემპიონატიდან - ჩვენი არი იყოს, თავკომბალასავით, იქაც ყველაფერი ბაქოშია კონცენტრირებული და ამ გადმოსახედიდან ალბათ, იქაც არის პრობლემები, უკვე მერამდენე წელია „ყარაბახის" სახით კიდევ ერთხელ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ეს ბევრი არაა, თუმცა, მაინც საყურადღებოა მეზობლის გამოცდილება, სადაც ჩვენი აზრით, საკმაოდ კარგად ართმევს თავს სხვა აზერბაიჯანულ გუნდში, „ზირაში" დავალებებს გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც მართალია გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ქართველი საკმაოდ ბევრ შავს სამუშაოს ასრულებს და სარგებლიანია გუნდისთვის, რომელიც ამ მომენტისთვის „ყარაბახს" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს. რაღა დაგიმალოთ მიმდინარე სეზონში, აზერბაიჯანულ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ქართველმა ის ძველი „პაპუნა" გამახსენა, რომელსაც ქართული ფეხბურთი დიდ იმედებს უკავშირებდა, თუმცა, ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელი სანაკრებო ორბიტიდან საერთოდ გაქრა. არა და ღირს, შეხედონ მაინც.


ტრავმამ გამახსენა და ადრეც დავწერეთ, რომ მოსაკითხი გვყავს საბა საზონოვი. მითუმეტეს ახლა, როცა სანაკრებო დაცვის ხაზში აშკარად გარღვევა გვაქვს.  ქართული ნარების მომავლიდან კიდევ ერთი მცველი, საბა ხვადაგიანი კვლავ ტრავმებს იშუშებს. სრული სიჩუმეა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კიდევ ერთი მცველის, გიორგი მაისურაძის ირგვლივაც, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი უცდება.


ამასობაში, კვირას ქართული ლეგიონის ნაწილმა მორიგი საკლუბო თამაშები ჩაატარა. ავსტრიის ჩემპიონატში გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა, შეხვედრის მე-7 წუთზე, თუმცა, საშინაო შეხვედრაში გრაცის „შტურმმა" უშუალო კონკურენტ „ლასკთან"  მაინც წააგო, 1-3.  ევროტურნირების მორიგ სათამაშო დღემდე, „კიტეს"  გუნდს 22 ქულა აქვს და 3-6 ადგილებს იყოფს კიდევ სამ გუნდთან ერთად, თუმცა, ქართველის „შტურმს", ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული. „კიტეს" კი, „შტურმის" მაისურით, 52 გოლი დაუგროვდა.


საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა გიორგი წიტაიშვილმაც. „ბრესტისა" და „მეცის" დაპირისპირებაში, ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 68 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით მასპინძლებმა გახსნეს მე-2 წუთზე. თუმცა, მე-6 წუთზე, სწორედ, „წიტამ" გაათანაბრა ანგარიში. გიორგობა დღეს, ეს გიორგის სადებიუტო გოლი იყო ლიგა 1-ში. მეორე ტაიმში, გოლები საკუთრ კარშიც და მოწინააღმდეგესაც მხოლოდ „ბრესტის" ფეხბურთელებს გაჰქონდათ, რასაც ერთი გაფუჭებული პენალტიც დაემატა. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. შემადგენლობაში იყო, თუმცა, არ უთამაშია გიორგი აბუაშვილს. „მეცი" კი, 11 ქულით, გასავარდნ ზონაშია.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" საშინაო შეხვედრაში 2-0 დაამარცხა „არმინია ბილეფელდი". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული მატჩი ჩაატარდა და ერთ-ერთმა მიიღო ამ შეხვედრაში მონაწილე გუნდებიდან, მაღალი შეფასება. ამასთან, უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ, „ლოჩოს" გუნდმა, 13 თამაშის შემდეგ, 18 ქულა დააგროვა, „არმინია ბილეფელდის" სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა და მე-9 ადგილზე აინაცვლა.


რუმინეთის სუპერ ლიგის მე-17 ტურში გაიმარჯვა ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია კრაიოვამ", ქართველის გუნდმა გასვლით შეხვედრაში, 1-2 „არგესი" დაამარცხა და ახლა, სატურნირო ცხრილში, 32 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება „მექვაბას", მან სასტარტოდან დაიწყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.


შეცვლაზე შემოვიდა „ლოზანას" შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა, რომელიც, შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო გამოაკლდა. ქართველი, „სენტ გალენის" წინააღმდეგ თამაშში, 46-ე წუთიდან ჩაერთო, როცა, მასპინძელი გუნდი კაცნაკლული იყო, თუმცა, გოლი მაინს სტუმართა კარში გავიდა. საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ლოზანასაც" გაუგდეს ფეხბურთელი, თუმცა, ტაი-ნახევარი, მეტობაში მყოფმა გუნდმა მაინც წააგო, მინიმალური ანგარიშით 1-0 და ახლა, 14 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-9 ადგილზე და გასავარდნი ჯგუფის ზონაშია.


და ბოლოს, პატარა გმირობა ჩაიდინა თურქეთის სუპერლიგაში ქართველი მწვრთნელის შოთა არველაძის „ქასიმფაშამ", რომელმაც, გასვლით შეხვედრაში, წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, სენეგალელი ლეგიონერის პაპე გუეიეს დუბლით (48', 52') გასვლით შეხვედრაში, „ალანიასფორი" დაამარცხა, კონკრეტულ მომენტში უშუალო კონკურენტთან ქულები გაათანაბრდა და მომდევნო ტურამდე, 13-13 ქულით, „ბაშაქშეჰირთან" ერთად, 12-14 ადგილებს იყოფს.


კვიპროსის ლიგაში მოიგო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმაც", რომელმაც გასვლით შეხვედრაში, „პარალიმნისთან" ცუდად დაიწყო, დებიუტშივე, მე-6 წუთზე გაუშვა გოლი. თუმცა, ამის შემდეგ ოთხი გაიტანა, ჯერ გაათანაბრა, მერე ავტოგოლით უპირატესობა კვლავ სტუმრებს მისცა, თუმცა, მეორე ტაიმში ორჯერ გაიტანა და საბოლოოდ, 2-3 გაიმარჯვა. „ქეცბას" გაწვრთნილი გუნდი, 11 ტურის შემდეგ, 11 ქულით, ამ ეტაპზე, მე-10 ადგილზეა.


ამ ეტაპზე სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ ახალი კვირა, ევროტურნირებისაა, ასე რომ საინტერესო თამაშები გველოდება, მათ შორის ქართველების მონაწილეობით.