ლეგიონის ამბები სანაკრებო შესვენების შემდეგ...
ლეგიონის ამბები სანაკრებო შესვენების შემდეგ...
23.11.2025
ავტორი: მარიამ მესხი

სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ. 22 ნოემბერი საკმაოდ დატვირთული გამოდგა.


აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეთორმეტე ტურში „ზირამ" „გაბალას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი პაპუნაშვილმა, რომელმაც მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მეთორმეტე ტურის შემდეგ, „ზირა" 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან ყარაბაღს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდს მეტოქეზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.


იტალიის სერია A-ს მეთორმეტე ტურში კი, საბა გოგლიჩიძის „უდინეზე" შინ, „ბოლონიას" დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 12 ტურის შემდეგ, გოგლიჩიძის „უდინეზე" იტალიის ჩემპიონატში 15 ქულით მეათე ადგილზეა.


იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" სტუმრად, დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში „ბარი" დაამარცხა. კვერნაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 66 წუთი ითამაშა. მეცამეტე ტურის შემდეგ კი, ქართველი შემტევის გუნდი სერია B-ში 25 ქულით მესამე ადგილზეა.


გერმანიის ბუნდესლიგაში მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი" სტუმრად „აუგსბურგს", ხოლო ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" შინ „მონხენგლადბახს" დაუპირისპირდა. გოჩოლეიშვილის გუნდი მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 82 წუთი ითამაშა. ბუდუ ზივზივაძე კი, „მონხენგლადბახთან" მატჩში მეორე ტაიმში, 62- წუთიდან ჩაერთო. ქართველი ფორვარდის გუნდი დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი" სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა, ხოლო ბუდუს „ჰაიდენჰაიმი" 5 ქულით ბოლო, მეთვრამეტე ადგილს იკავებს.


მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანმა" სტუმრად მატჩი „სკალიცასთან". ქართველი მცველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მეთხუთმეტე ტურის შემდეგ კი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი სლოვანი ნიკე ლიგაში 33 ქულით მეორე ადგილზეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კაშოს გუნდს პირველადგილოსან „ჟილინაზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.


ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა" „ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. „ლივერპულის" პირველმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, შესაბამისად, „მამარდას" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მეთორმეტე ტურის შემდეგ, ქართველი მეკარის გუნდი პრემიერლიგაში 18 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა.


უკრაინის პრემიერლიგაში ირაკლი აზაროვის „შახტარმა" სტუმრად, „ობოლონი" ანგარიშით 6-0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ირაკლი აზაროვს არ მიუღია. მეცამეტე ტურის შემდეგ კი, ქართველი მცველის გუნდი 30 ქულით უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობს.


პორტუგალიაში კი, თასის თამაშები გაიმართა. გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" შინ, „მარინენსე" დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. „ქოჩორამ" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მეორე შეხვედრაში კი, ნოდარ ლომინაძის „ესტორილმა" ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაოს" უმასპინძლა. მამაგეიშვილის გუნდმა ლომინაძის „ესტორილს" მინიმალური სხვაობით 1-2 სძლია და მერვედფინალშიც გავიდა. აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მატჩში მონაწილეობა არცერთს მიუღია.


საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" „ნანსის" უმასპინძლა და 2-1 მოიგო. ზუკამ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 27-ე წუთზე კი, ზურიკომ საგოლე გადაცემა მიითვალა და „სენტ ეტიენმა" ანგარიში გახსნა. მეთხუთმეტე ტურის შემდეგ, ქართველი შემტევის გუნდი 29 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „ტროას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.


საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ლე ავრს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-0 იმარჯვა. „კვარამ" მატჩი სათადარიგოთა შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოვიდა. 87-ე წუთზე კი, ზუსტი საგოლე გადაცემაც გააკეთა და ბრედლი ბარკოლამ მატჩის ბოლო, მესამე გოლი გაიტანა. 13 ტურის შემდეგ პსჟ-ს 30 ქულა აქვს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მარსელს" 2 ქულით უსწრებს.


ტრავმიდან დაბრუნდა და მოედანსაც დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფორვარდი, ჟორჟ მიქაუტაძე. „ბომბარდირმა" სანაკრებო მატჩები მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ლალიგის მეცამეტე ტურში მინდორზე დაბრუნდა. „ვილიარეალმა" „მალიორკა" შინ, 2-1 დაამარცხა. ჟორჟი კი, მატჩში 63-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროისთვის, „ბომბარდირის" გუნდი ლალიგაში 29 ქულით მესამე ადგილზეა.


ესპანეთის ლალიგა 2-ში ლუკა გაგნიძის გრანადამ კორდობას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გაგნიძეს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. გრანადა მეთხუთმეტე ტურის შემდეგ 16 ქულით მე-17 ადგილზეა.


ქართული ლეგიონის გუნდები ხვალ ითამაშებენ.