
ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ზედა ოთხეულში ბევრი კითხვის ნიშანია. საბოლოოდ, როგორ გადანაწილდება ადგილები ალბათ, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება. დარჩენილ ტურებში, ერთადერთი ვისაც ძალა შესწევს, ცოტა ვითარება დაძაბოს „დინამო თბილისია" - საქმე ისაა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, რომელსაც არც თუ კარგი პერიოდი აქვს, დარჩენილ ტურებში პირველ და მეორე ადგილზე მყოფ გუნდებთან „იბერია 1999"-თან და „დილასთან", ასევე მესამე ადგილისთვის უშუალო კონკურენტთან, „ტორპედოსთან" მოუწევს დაპირისპირება.
ამ გადმოსახედიდან, უფრო მარტივი გზა აქვს ბრინჯაოს მედლებამდე ქუთაისურ კლუბს, რომელსაც, ტრადიციულ მეტოქეს თუ არ ჩავთვლით, უკვე ლიგა 2-ში დაქვეითებულ ფოთის „კოლხეთი 1913"-თან და გადათამაშების ზონაში მყოფ „გარეჯთან" უწევს თამაში. 33-ე ტურში კი, „ტორპედომ", რამდენიმე წუთის სავალზე ქუთაისიდან, იმერულ დერბიში, 10 კაცით დარჩენილი „სამგურალი" 2-4 დაამარცხა.
დარჩენილ ტურებში „დინამო თბილისთან" თამაშებს თუ არ ჩავთვლით, დღეისათვის თანაბარი ქულების მქონე და ოქროს მედლებისთვის მებრძოლთაგან, თითო კერკეტი კაკალი „იბერია 1999"-ს „გაგრას", ხოლო „დილას", სამგურალის სახით მაინც მოელის.
მანამდე კი, 33-ე ტურში, „დინამო თბილისმა", რომელსაც სანაკრებო შესვენების დროს, დაცვის ხაზის ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე ლუკა ლაცაბიძე და საბა ხარებაშვილი გამოაკლდა, 21-წლამდეთა შესარჩევი ეტაპის დროს საბერძნეთთან და გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან დაპირისპირებისას მიღებული ტრავმების გამო, „გაგრასთან" საშინაო შეხვედრა 2-4 წააგო. თბილისურ გუნდს აკლდა ტრავმირებული ჯაბა კანკავა, მატჩის მსვლელობისას კი, ასევე თამაშის წინა დილით, 19-წლამდე ნაკრების ხორვატული შესარჩევიდან დაბრუნებული კიდევ ერთი მცველი, მათე შათირიშვილიც გამოაკლდა. ამ გარემოებების გათვალისწინებითაც ალბათ, თუმცა, ლადო კაკაშვილის გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატში, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა და იმის ნაცვლად, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, „ტორპედოსთან" უპირატესობა მინიმუმ შეენარჩუნებინა, 33-ე ტურის შემდეგ, ერთი ქულით ჩამორჩა.
ტურის სხვა მატჩებში, „დილამ" მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში აჭარაბეთ არენაზე, გუნდი ლევან ხოზრევანიძის გოლის შემდეგ, პირველ ტაიმს აგებდა, მეორე ტაიმში, მოახერხა მობილიზება და არუნა უატარას დუბლით, ბათუმის „დინამოს" დამარცხება 1-2 მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გადათამაშების ზონას ბათუმის „დინამოს" მხოლოდ, 7 ქულა აშორებს და შესაბამისად, დარჩენილ ტურებში, ძლიერთა რიგებში დასარჩენად, მინიმუმ 6 ქულა სჭირდება.
33-ე ტურის მოცემულობით, გადათამაშების ზონაში მყოფი გუნდების „გარეჯისა" და „თელავის" დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა. ვალერი გაგუას გუნდი, ამ შეხვედრაში ორჯერ იგებდა, თუმცა, „გარეჯმა", 84-ე წუთზე თამაზ ცეცხლაძის გოლით, ქულის გადარჩენა მოახერხა და ახლა, სატურნირო ცხრილში, „თელავზე" ერთი საფეხურით მაღლა, მე-8 ადგილზეა. სხვათა შორის, თელაველთაგან, ამ შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა და გოლი, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ბაჩანა არაბულმა ჩაიწერა.
ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი
დარჩენილი ტურების კალენდარი
ფოტო: ეროვნული ლიგა





ჩვენ







