ქალთა ლიგის გათამაშება დღეს ოფიციალურად დასრულდა
ქალთა ლიგის გათამაშება დღეს ოფიციალურად დასრულდა
22.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის გათამაშება დღეს ოფიციალურად დასრულდა, თუმცა, 2025 წლის სეზონში ქალთა საკლუბო ფეხბურთში ერთი მნიშვნელოვანი მატჩი კიდევ დარჩა - 7 დეკემბერს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს, საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" და ბრინჯაოს მედლის მფლობელი „კვარტალი" დაუპირისპირდებიან.


მანამდე კი, 21 და 22 ნოემბერს, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის ბოლო, მე-10 ტური გაიმართა.


„ანგისაზე", ადგილობრივმა „ბათუმმა", რომელმაც, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში საბოლოოდ, ცხრილის სათავეში დაასრულა ასპარეზობა, „რაჭა 2020" მიიღო და ფრედ, 1-1 ითამაშა. ანგარიში ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გაიხსნა. 73-ე წუთზე თათია შაინიძის გოლით, მასპინძლები დაწინაურდნენ. თუმცა, 79-ე წუთზე, ქალთა ლიგის 2025 წლის გოლეადორმა კესო მეტონიძემ, ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით, მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და ლიგის დებიუტანტ „რაჭა 2020"-ს, მორიგი ქულა მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ კესომ, ჩემპიონატი 54 გოლით დაასრულა.


დღეს კი, თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამო", რომელიც მომავალ სეზონში ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს, ანგარიშით 0-8 დამარცხდა ქუთაისის „მართვესთან". ანგარიში მე-10 წუთზე გამოცდილმა თეონა თოდაძემ გახსნა. მე-16 წუთზე კი, ანა ჯანელიძემ, რომელიც საბოლოოდ, ჰეთ-თრიქის (32', 68') ავტორი გახდა, ქუთაისელები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. 22-ე წუთზე, ანა გოდერიძემ აიღო მასპინძელთა კარი. პირველი ტაიმი, „მართვემ" 0-4 მოიგო. ქუთაისელებმა ოთხი გოლი გაიტანეს მეორე ტაიმშიც. უკვე ხსენებული ფეხბურთელების გარდა, შეხვედრის ამ მონაკვეთში ქეთი ცაავამ (60') და მარიამ ჟორჟოლიანმა (73', 77') გაიტანეს და წლის ბოლო შეხვედრა მოიგეს.


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ქალთა ლიგაში ბოლო ადგილზე „ნორჩი დინამო" გავიდა, რომელიც 2026 წლის სეზონში, ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს. მათ ადგილს კი, ძლიერთა შორის სოხუმის „დინამო" დაიკავებს, რომელმაც თავის მხრივ, ქალთა ლიგა 2 მოიგო და ძლიერთა შორის ორი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. ქალთა ლიგაში იასპარეზებს მომავალ სეზონში „თეთრიწყაროც", რომელიც ძლიერთა შორის 2026 წლის სეზონში, დებიუტანტი იქნება.