თოკო შენგელიას „ბარსელომან“ სტამბოლში ერთი ქულით წააგო
თოკო შენგელიას „ბარსელომან“ სტამბოლში ერთი ქულით წააგო
21.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ნოემბრის თბილისურ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება და შესაბამისად, ვერც წლების მანძილზე თანაგუნდელის, გიორგი შერმადინის ბოლო საშინაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველის „ბარსელონას", რომელსაც წელს არც თუ წარმატებული სეზონი აქვს ევროლიგაზე, ევროპული დროით 26 ნოემბერს, მაშინ როცა ჩვენთან უკვე 27 ნოემბერი იქნება, ევროლიგის მე-13 ტურში, სახლში ფრანგულ „ვილერბანს" უმასპინძლებს.


მანამდე კი, თოკოს „ბარსელონა" საკმაოდ დაძაბულ და ურთიერთგამომრიცხავი მონაკვეთებიდან შემდგარ მატჩში ერთი ქულით, 74-73 დამარცხდა სტამბოლში, „ანადოლი ეფესთან", რომელიც 12 ტურის შემდეგ, მე-15 ადგილზეა. შენგელიას გუნდი კი, მე-9 ადგილზე ჩამოქვეითდა.


საქართველოს ნაკრები კაპიტანმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, მალევე ორი პერსონალური დააგროვა და მეორე ტაიმამდე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა 0 ქულით. რეალურად თოკოს, არც მეორე ტაიმში დაუგროვებია ბევრი ქულა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ მომენტებში საკმაოდ ეფექტურად თამაშობდა, გასცემდა პასებს, მის ნასროლი ბურთი კალათში არ მიდიოდა - 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო, ორი საჯარიმო და საბოლოოდ, 4 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. საერთო ჯამში მხოლოდ 13:35 წუთი გაატარა პარკეტზე.


პირველი მეოთხედი „ბარსელონამ" ერთი ქულით 18-19 მოიგო, მეორე მეოთხედში კი, 10 ქულით დაწინაურდა, მონაკვეთი 17-27, ხოლო პირველი ტაიმი 35-46 მოიგო. თითქოს, 11 ქულიანი უპირატესობა კატალონიური კლუბისთვის სტიმული უნდა ყოფილიყო, თუმცა, მასპინძლებმა ეს მონაკვეთი  23-9 მოიგეს და ბოლო, გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, 3 ქულით, 58-55 დაწინაურდა. საფინალო სასტვენამდე, 52 წამით ადრე „ბარსელონა" 3 ქულით წინ იყო. დარჩენილ დროში, თოკოს გუნდელებს, ბურთი სწორად, რომ გაეთამაშებინათ და ალბათ, 11 წამით ადრეც რომ „ჯარიმა" დროულად აეღოთ, მატჩის გადარჩენას მოახერხებდნენ, თუმცა, ყველაფერი მათი სურვილების საპირისპიროდ მოხდა  - საჯარიმოებიდან 4 ქულა მასპინძლებმა აკრიფეს. თუმცა, ამ საჯარიმო სროლებს შორის, ტომაშ სატორანსკიმ 3-ქულიანი გააცუდა, რაც ამ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.


შენგელიას გუნდიდან, საუკეთესო იან ვესელი იყო, მარგი ქმედების კოეფიციენტით 23, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. თუმცა, 19 მარგი ქმედების კოეფიციენტით, ალბათ, ამ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული მასპინძელთა გუნდის წევრი და თურქეთის ნაკრების მოთამაშე, ერჯან ოსმანია, რომელმაც ამ დღეს, ნახევარი „ბარსელონა" ჯარიმებით დატვირთა.