
27 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავ. ჩვენი მოწინააღმდეგ, უკრაინის ნაკრები იქნება, რომელსაც ამ ბოლო წლებში, რამდენჯერმე გადავეკვეთეთ. ზოგადად, ჩვენს ნაკრებს, მეორედ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, უკრაინის გარდა A ჯგუფში დანიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოუწევთ ასპარეზობა. ისე რაღა დაგიმალოთ და ესპანეთი, სპორტის სხვადასხვა სახეობებში იმდენჯერ მოხვდა ქართული ნაკრებების გვერდით, რომ მათ გარეშე, მინიმუმ შესარჩევის თამაში, ქართველ გუნდებს და გულშემატკივარს ვეღარ წარმოუდგენია, ასე, რომ ჯგუფის ბოლო მატჩში, 2026 წლის 5 ივლისს, თბილისში, „მეგობრებს" დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.
თუმცა, მანამდე 27 ივნისს, ესპანურ „ტენერიფეში" მოთამაშე, ქართული კალათბურთის ლეგენდას, გიორგი შერმადინს სანაკრებო კალათბურთიდან გავაცილებთ. ყოველ შემთხვევაში თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს, ტენერიფეში გამართავს, სადაც "შერმო" თამაშობს, ქართველი მოედანზე იქაც გამოვა. ისე, აქვე ჩვენს ვარადუსაც გამოვთქვამთ, რომ შესაძლოა "შერმომ" ეს საკვალიფიკაციო ციკლი სრულად ჩაატაროს და მერე რა იქნება ვნახოთ...
სპორტის ამ სახეობის ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ „შერმოს" სანაკრებო კარიერის დასასრული „ევრობასკეტი 2025"-ზე იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც ჩანს, პირადად ჩვენთვისაც ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა, საიმედო და სტაბილურმა მოთამაშემ, სანაკრებო კარიერის დასრულება სახლში (მართალია, სპორტის სასახლეში არა), თუმცა, თბილისში გადაწყვიტა. ისე, გიორგის კარიერას რომ გადავხედე, საკლუბო თვალსაზრისით, ალბათ, რაც აკლია, საქართველოს ჩემპიონობაა - შერმადინის „მაკაბიში" (2005-2008) ყოფნის პერიოდში, ქართულ კალათბურთში „რუსთავი" და თბილისის „დინამო" დომინირებდნენ. თუმცა, „შერმოს" არც ესპანეთის ჩემპიონობა მოუგია, სადაც კარიერის ყველაზე დიდი პერიოდი გაატარა და დღესაც აგრძელებს თამაშს. კალათბურთელმა, რომელმაც ექვსი „ევრობასკეტი" და ერთიც მსოფლიო ჩემპიონატი, ითამაშა, ერთი სანაკრებო ტიტული აქვს. გიორგი შერმადინმა, 2017 წელს „აკროპოლის" თასი მოიგო. ეროვნული ნაკრების მაისური კი, შეგახსენებთ, მას 2005 წლიდან აქვს მორგებული. ისე, სწორედ ამ პერიოდში მოისმინა და აიტაცა ქართველმა ქომაგმა და ზოგადად საკალათბურთო სამყარომ, ლეგენდარული ჯამლეტ ხუხაშვილის ფრაზა „ყოჩაღ შერმადინი". და რადგან, „შერმოზე" გაგვიგრძელდა, გეტყვით, რომ ქართული კალათბურთის ლეგენდა, ეროვნულ ნაკრებს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინასთან სათამაშოდ ემზადება, 24-25 ნოემბერს შეუერთდება.
სწორედ ამ დღეს, ჩამოვა საქართველოში თად მაკფადენი, ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ჩვენი ნაკრები წინა შესარჩევში დაემშვიდობა თუმცა, კამარ ბოულდვინის ტრავმის გამო, გუნდის შესავსებად მას კვლავ დაუძახეს და თადიც, რომელმაც ქართველ ქომაგს დამსახურებულად შეაყვარა თავი, კვლავ ბრუნდება „სახლში".
მაკფადენის და შერმადინის გარდა, 24-25 ნოემბერს ნაკრებს სხვა ქართველი ლეგიონერების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდება - დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი და გიორგი კორსანტია. რაც შეეხება კაპიტანს, კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თოკო შენგელიას „ბარსელონას" 26 ნოემბერს, ევროლიგის მე-13 ტურში, სახლში ფრანგულ „ვილერბანს" მასპინძლობს - ამ გუნდების შეხვედრა კი, თბილისის დროით 27 ნოებერს დაიწყება. შესაბამისად, კაპიტანმა, ფიზიკურადაც რომ მოახერხოს თბილისში გადმოფრენა, ალექსანდრ ჯიკიჩმა კი, ის თუნდაც, სიმბოლურად დატვირთოს, ამით ვერც ნაკრები და ვერც სპორტსმენი იხეირებს. თუმცა, კალათბურთის ფედერაცია, ამ ეტაპზე არაფერს ამბობს, იქნება თუ არა შენგელია, 30 ნოემბერს, უკვე კრუზ დე ტენერიფეში, ესპანეთის წინააღმდეგ თამაშს.
ლეგიონის გარეშე, ამ მომენტისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 კალათბურთელი ვარჯიშობს, მათ შორის: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, სანდრო სანაძე, გუგა პატაშური, გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული და ლუკა კალატოზიშვილი. 27 ნოემბრის შეხვედრისთვის, ჩვენი გუნდი, მატჩის მასპინძელ, „თბილისი არენაზე" ემზადება.





ჩვენ







