
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბურთი აკონტროლა, მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყა, ბულგარელებმა მხოლოდ, სამჯერ და ამ სამიდან ორი გაგვიტანეს. სოფიაში, ალექსანდარ დიმიტროვის გუნდმა, თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინ, საქართველოს ბევრად ძლიერი გუნდის დამარცხება მოახერხა, სექტემბრისთვის რევანშის მსგავსი აიღო, თუმცა, ჯგუფში, საბოლოოდ, მაინც ჩვენს უკან, განთავსდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. ამ დროს ჩვენ დავრჩით ორპირში ბევრი კითხვით და პრობლემით, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში გამგზავრებამდე, ესპანელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველთა მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი არისო, დღეს კი, მართლაც ჩვენი კარნახით წარიმართა მატჩი, ყოველ შემთხვევაში, პირველი 25 წუთის შემდეგ, მაინც წავაგეთ, 2-1 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).
„ხანდახან, მიწაზეც უნდა დავეშვათო", ამბობს ჩემი კოლეგა ტელე-რეპორტაჟში, მატჩის დასრულების შემდეგ და არ შემიძლია არ დავეთანხმო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდგომი ეიფორია თითქოს გადავლახეთ, ყოველ შემთხვევაში გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც ამას გვეუბნებიან და ფეხბურთელებიც იმავეს იმეორებენ, ფაქტია, რომ „ევრო 2024"-ის „ცუნამში" (როდესაც ევროპის ჩემპიონატის გამოძახილად, ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობამ ბევრად ძლიერ კლუბებში გადაინაცვლა), მაინც მოვყევით და ახლა, სრული მობილიზება გვმართებს, რომ როგორმე და რაც შეიძლება მალე, „სამშვიდობოს" გამოვიდეთ. აქ, იმის თქმაც მინდა, რომ ქართული ლეგიონის მიერ, საკლუბო ეიფორიაც დროულად გადასალახია, მით უმეტეს, რომ იმ კლუბებშიც, უმრავლესობას, სათამაშო დროის სიმცირე აქვს - ეს კი, ნაკრების თამაშზე პირდაპირ აისახება.
სხვათა შორის, ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, თბილისში, მიხეილ მესხზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის პრეს-კონფერენცია დასრულდა. „სვანამ", ისევე, როგორც რამდენიმე დღით ადრე, „დინამო არენაზე" ვილი სანიოლიმ, ხაზი გაუსვა, რომ ქართული სანაკრებო ფეხბურთი გრძელვადიან პროექტზე მუშაობს და ზოგჯერ, მსგავსი „ჩავარდნები" პოზიტივია, რათა ვიფიქროთო. ალბათ, უნდა ვიფიქროთ ჩვენც, გუნდს „გარეთ" მყოფებმაც, ხომ არ შევქმენით ზედმეტი მოლოდინი?
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ბურთის ფლობას თუ არ ჩავთვლით, დღეს, სოფიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, 4 სექტემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე" თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გატყდა და ეს, ნელ-ნელა, რაც მეტი სცადა „ამომძვრალიყო", უფრო მეტად ჩაეფლო მოგვარებად პრობლემაში, საკმაოდ ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა. მე-10 და 24-ე წუთებზე ჩვენს კარში, რუსევისა და კრასტევის გატანილი გოლებიც, რომ არ ჩავთვალოთ, პირველი ტაიმიდან, 36-ე წუთზე გურამ კაშიას მომენტი დამამახსოვრდა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე. დამამახსოვრდა, ცვლილებაც, რომელიც ტრავმის (და საბედნიეროდ) გამო არ იყო გამოწვეული. ცვლილება, როდესაც ვილიმ ანრი მექვაბიშვილი (საყრდენი ნახევარმცველი), რომელსაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჰქონდა ჩახსნა და გიორგი ქვილითაიას მისცა თამაშის საშუალება.
სწორედ, „ქვილითას" ჰქონდა მეორე საგოლე მომენტი, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 48-ე წუთზე. ამ ტაიმში კი, სანიოლის გუნდი უფრო მობილიზებული გამოიყურებოდა და რეალურად მთელი მონაკვეთი, მეტოქის ნახევარზე გაატარა. რაღა დაგიმალოთ და დღეს, თუმცა ისევე, როგორც თბილისში რამდენიმე დღის წინ, მინდა გიორგი წიტაიშვილის თამაში გამოვყო. აი, თუ ახალი კლუბი ვინმეს მოუხდა, ეს გიორგია წიტაიშვილი. ახლა, ისევ ქვილითაიას, რომ დავუბრუნდეთ, რომელსაც ესპანეთთან თამაშში არც თუ ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა, დღეს რეალურად წიტაიშვილთან ერთად, ის ფეხბურთელი იყო, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოირჩეოდა. სწორედ მის, ირიბ მონაწილეობას 88-ე წუთზე, ბულგარელთა საჯარიმოში, მოჰყვა ლუკა ლოჩოშვილის გოლი, რომელიც თავის მხრივ, დღეს, ოდნავ მშვიდად მაინც დაიძინებს, რადგან გოლი რომელიც პირველ ტაიმში, მის შეცდომას მოყვა, მეორე ტაიმში თავად გაქვითა.
ზოგადად, ლოჩომ ბევრი იმუშავა, ბევრ მომენტში გაიარა ზღვარზე, თუმცა, სოფიაში ის უფრო „ათრიეს" (პირდაპირი გაგებით, მეტოქის უხეშობები მაქვს მხედველობაში), ვიდრე, ამას ოსტატურად და შენიღბულად, ტრადიციულად ქართველი აკეთებს.
საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი კი, ისევე, როგორც წლების წინ, დაცვის ხაზი ხდება - ამ რგოლის განახლებაზე, ვილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდეც გაამახვილა ყურადღება და ყოველი ხსენებისას ცდილობდა აეხსნა, რომ გამართული დაცვის ხაზის შექმნას დროს სჭირდებოდა. თუმცა, ამასობაში, ისინი ვინც მთავარ მოთამაშეებად უნდა ჰყოლოდა ვილის ხელიდან შემოეცალა, ნაწილი უთამაშებლობის გამო, ზოგი კი, ტრავმების. მაგალითად, საბა გოგლიჩიძე, ესპანეთის შემდეგ. აქ, სამწვრთნელო შტაბმა, ილია ბერიშვილი იხმო, თუმცა, არც მას და არც ალექსანდრე ნარიმანიძეს სათამაშო დრო არ მისცემია. ამ დროს, ნარიმანიძე, ალბათ, დიდი ძალა იქნებოდა ახალგაზრდული ნაკრებისთვის, მითუმეტეს, რაც ბულგარეთში გამგზავრებამდე ცნობილი გახდა, რომ სვანაძის გუნდს, ლაცაბიძე არ ეყოლებოდა. და კიდევ, რატომღაც არავინ აღარ ლაპარაკობს საბა საზონოვზე, რომელზეც ივნისში, ჟილინაში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ვილი ქათინაურებს არ იშურებდა.
არა, ბოლო ფაზაშიც გვაქვს გამოსასწორებელი ხარვეზები, მითუმეტეს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, როგორც გრძელვადიან პროექტზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იქით წელს უკვე „ჩაკვე" და „ბომბარდირი" შემოგვიერთდებიან და თუ „აქილევსს" მივხედავთ, ბოლო ფაზასაც წესით უნდა ეშველოს. რა დაგიმალოთ და ასეთ დროს, „კვარაც" ბევრად უფრო თავისუფალი და ტონუსშია.
გუშინ, მატჩის წინა დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ „ხვალ (ანუ დღეს) ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ"-ო. შემადგენლობაშიც დღეს, დააყენა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, მათ შორის გურამ კაშია, რომელსაც 4 სექტემბრის (უშუალო კონკურენტთან) თურქეთთან, 11 ოქტომბერს გასვლაზე ესპანეთთან, 15 ნოემბერს ერთი ტაიმი ესპანეთთან და დღეს, გასვლაზე ბულგარეთთან მისცა სათამაშო დრო.
მოკლედ, შესარჩევი ჩავაგდეთ - ეწყინება ეს ვინმეს თუ არა, ყველა ზემოთ ხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, არსებობდა ასეთი დასასრულის მოლოდინი თუ არა, ფაქტი სახეზეა და გამოსავალი, ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ. საღი აზრით, საღი კრიტიკით, დასანახის დანახვითა და მისათითებლის მინიშნებით. აუცილებლად, უნდა დავბრუნდეთ იმ ბილიკზე, რომელსაც სამი ათეული წელი ვეძებდით და 2024 წელს ვიპოვეთ, რადგან უნდა ვინმეს თუ არა, მოსწონს ვინმეს თუ არა, ფეხბურთი ჩვენი თამაშია, მხოლოდ, ამისთვის, ხანდახან მიწაზე უნდა დავეშვათ, მათ შორის ჩვენ, მედიაც რადგან გამოსავალი, ჯანსაღ ამბიციაში და სწორ მესიჯებშია.
მანამდე კი, მსოფლიო ჩემპიონატი გადაგვედო და ახლა, კვლავ ევროპისკენ უნდა ვიაროთ. თუნდაც, ერთა ლიგის პირველი საშინაო შეხვედრა მაყურებლის გარეშე, ცარიელ სტადიონზე ჩავატაროთ.
ფოტო: български футболен съюз





ჩვენ







