
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ნიკოლოზ დადიანმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის წინ, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, „ჩვენზე უფრო ძლიერ მეტოქესთან" ადრეც უთამაშია, ასე, რომ ხვალ, მისი გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.
რამაზ სვანაძე:
„გერმანიის ნაკრებს ვეთამაშებით, ერთ-ერთს გამორჩეულს ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში. განწყობაც შესაბამისია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშის შემდეგ, ყველანი გულდაწყვეტილები ვიყავით, ეს უკან მოვიტოვეთ. მზადება მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში. დანარჩენი უკვე თამაშზე გამოჩნდება. ჩვენზე უფრო ძლიერ მეტოქეს ადრეც შევხვედრივართ და ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.
წინა თამაშის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ხაზი გავუსვი გამოცდილებას. საბერძნეთის თამაში მაქვს მხედველობაში და მინდა იგივე გავიმეორე დღესაც, რომ რეალურად, საბერძნეთის ნაკრები თამაშზე ბევრი რამ, გადაწყვიტა გამოცდილებამ. თუმცა, ჩვენც ვიზრდებით, იზრდებიან ჩვენი ფეხბურთელებიც. თამაშიდან თამაშამდე ველოდებით პროგრესს და ეს პროგრესი მინდა, ხვალ მოედანზე ვნახო.
რთულია მესამე გუნდის აწყობა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი ნაკრებების სპეციფიკა. სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ყველაზე რთული სამუშაო, ასაკობრივ ნაკრებშია. უნდა მოხდეს კომპენსირება იმ ბევრი ასპექტის, რომელიც იცვლება წლების განმავლობაში.
თაობები ერთმანეთს არ გავს. ასაკობრივ ნაკრებებში შესაძლებელია იყოს დიდი სხვაობა. ყველა ნაკრებს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ან ნაკრების მთავარი პრობლემა არის დამაგვირგვინებელ ფაზაში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურები ჩამოვყაროთ. ამ თაობას ასეთი საერთაშორისო ტურნირი არ უთამაშია. რეალურად, ამას არ შეიძლება გავლენა არ ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას.
ეს იქნება ერთ-ერთი დიდი შანსი, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი თავი წარმოაჩინონ.
რაერთხელ ყოფილა ფეხბურთში, რომ ერთობას და გუნდურობას კარგი შედეგი მოუტანია. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა საბერძნეთთან მატჩზე მოსულ გულშემატკივარს იმიტომ, რომ ჩვენს გუნდს თავი სხვა დონეზე აგრძნობინეს. სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელები ამას არ არიან მიჩვეულები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფეხბურთელები გაიზარდონ, იმიტომ, რომ ასაკობრივი ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელების ინტეგრაცია მოხდეს. დღეს ეროვნულ ნაკრებში 21-წლამდე გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი თამაშობს."
ნიკოლოზ დადიანი:
„მიუხედავად იმისა, რომ „იბერიაში" სულ მაქვს სათამაშო პრაქტიკა, ნაკრებში თამაში ბევრად უფრო რთულია, რადგან სხვა დონეა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვითამაშო ასეთ ტურნირზე. ხვალ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება წინ.
ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. ეს ვიცით, მაგრამ ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია და საშუალება, დავანახოთ ხალხს რა შეგვიძლია.
აქვე, ათენში მოსულ გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო - ისეთი გარემო შეგვიქმნეს, რომ არ შეიძლება არ დააფასო და იმედი მაქვს, თბილისშიც იგივე განწყობა იქნება".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში 18 ნოემბერს, შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე, გერმანიას უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







