
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 18 ნოემბერს, სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი, ბულგარეთში გუშინ საღამოს, ქომაგების ნაწილთან ერთად, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. დღეს კი, ქართული და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს ვილი სანიოლი, ოთარ კიტეიშვილთან ერთად, ტრადიციულ, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე შეხვდა.
„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.
ხვალ ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს.
მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ,"- ამბობს ვილი სანიოლი.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჯერზე, ჩვენმა ვებ-გვერდმა ვერ მოახერხა სოფიში გამგზავრება, ბულგარეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით შევეცდებით გიამბოთ. ამ გვერდზე დაყრდნობით კი, ვარჯიშამდე, რომელიც სანიოლის გუნდმა ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გამართა მედიის კითხვებს, ოთარ კიტეიშვილმაც უპასუხა.
„საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს - დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად.
გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, დინამოს შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები,"- ამბობს კიტეიშვილი.
ხვალ, 18 ნოემბერს, ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისი დროით 23:45 წუთზე დაიწყება.





ჩვენ







