
დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოქმედი ჩემპიონის რანგში „ნიკე-ლუსომ", ბრინჯაოს მედალოსან „კვარტალს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შედეგი ბევრს არაფერს ცვლიდა და თავშივე ვიტყვით, რომ „ნიკე-ლუსომ" 4-0 გაიმარჯვა, თამაში საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ანგარიში კი, მე-5 წუთზე გუნდის ლეგიონერმა, არინა სიტნიკავამ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, თავით გადააგზავნა „კვარტალის" კარში. მე-13 წუთზე უკვე, მასპინძელთა გუნდის გოლეადორმა ჩაიწერა მორიგი გოლი აქტივში - თეონა ბაქრაძემ, გვანცა ქადაგიშვილის გადაცემის შემდეგ ანგარიში ორამდე გაზარდა. „ბაქრამ" 2025 წლის სეზონი 38 გოლით დაასრულა ჩემპიონატი. 24-ე წუთზე, სოლანჟე კარვალიაშმა გრძელი გადაცემით ნინო ბუხრიკიძე მეკარის პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი, გოლის გატანა არ გასჭირვებია. 63-ე წუთზე, თეონა ბაქრაძემ და ნინო ბუხრიკიძემ მეტოქის საჯარიმოში ჭკვიანურად გაითამაშეს ბურთი, რომელიც ბუხრიკიძის დუბლით დაგვირგვინდა. „ნიკე-ლუსომ", 4-0 გაიმარჯვა და 2025 წლის სეზონი, დაუმარცხებლად დაასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს 2025 წლის ჩემპიონს, „ნიკე-ლუსოს", კუთვნილი ჯილდო სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა გადასცა. მასთან ერთად, ჩემპიონებსა და მესამე ადგილზე გასულ „კვარტალის" ფეხბურთელებს, შესაბამისად ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა გადასცეს.
კასში გამართულ შეხვედრამდე, თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, ზედა ჯგუფის მე-6 ტურის მატჩში, „ელიტამ", საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა კლუბი „ლანჩხუთი" მიიღო, რომელიც 2025 წლის სეზონში ვერცხლის მედლებს დასჯერდა. შეხვედრაში, რომელშიც ფავორიტად სტუმართა გუნდი იყო მიჩნეული ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი, მარიამ კაკულიას ანგარიშზეა. „ლანჩხუთმა", სეზონის ბოლო შეხვედრაში, ქულის გადარჩენა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არფერს ცვლიდა, მე-60 წუთზე მოახერხა. კამარგოს გადაცემით, მორიგი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქალთა შორის ჩემპიონიც ცნობილია, ყველა პრიზიორი და ის გუნდებიც კი, თუ 2026 წლის სეზონში ძლიერთა შორის ვინ იასპარეზებს, ქალთა ლიგის საბოლოო დასრულებამდე კიდევ რჩება ერთი ტური, ქვედა ჯგუფში, რომელიც 22 ნოემბერს არის ჩანიშნული. მანამდე კი, 15 და 16 ნოემბერს ამ ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.
თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში „ვერემ" ქვედა ჯგუფის ლიდერს, „ბათუმს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა და პირველივე ტაიმში, 30-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მას ჩემპიონატის დასრულებამდე 20 გოლი აქვს გატანილი. ბათუმელთაგან, მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე, ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი, თათია შაინიძეა, რომელსაც ქალთა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 19 გოლი აქვს დაგროვილი.
ქვედა ჯგუფის და 2025 წლის სეზონის ბომბარდირი კი, ქალთა ლიგის დებიუტანტი გუნდის, „რაჭა 2020"-ის ფეხბურთელი კესო მეტონიძეა, რომელმაც ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის ბოლოს წინა, მე-9 ტურში „ნორჩ დინამოს" ხუთი (2', 5' 22', 43' 80') გოლი გაუტანა და ჩემპიონატის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, 53 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, სწრაფი გოლით გახსნა ანგარიში, პირველი ათი წუთის შემდეგ დუბლის, ხოლო, პირველი ტაიმის ბოლოს უკვე, პოკერის ავტორი იყო. „რაჭა 2020"-მა პირველი ტაიმი 10-0 მოიგო. ამ მონაკვეთში მეტონიძის გარდა გოლები მადინა ხუშმამადოვამ (9', 39'), ნია ყავლაშვილმა (14', 68'), ანა ომანაძე (28'), მუნისა გულოვამ (35') და ნინო ჭელიძე (37') გაიტანეს. მასპინძელთაგან, რომლებმაც მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლის გატანა შესძლეს, ამ ჩამონათვალს ნინო მაისაშვილი (75') მიემატა. თუმცა, „ნორჩმა დინამომ", რომელიც მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს, პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა, მეორე ტაიმში, ნატა ბეჟანიშვილმა 49-ე წუთზე აიღო მასპინძელთა კარი. საბოლოოდ, შეხვედრა რაჭველების გამარჯვებით 13-1 დასრულდა.





ჩვენ







