ვასილ მაისურაძის გუნდმა საკვალიფიკაციო მარცხით დაიწყო
ვასილ მაისურაძის გუნდმა საკვალიფიკაციო მარცხით დაიწყო
12.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხორვატიაში, კარლოვაცში და ლუჩკოში დღეს, 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. ტურნირი 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და ვასილ მაისურაძის გუნდს, მასპინძელი ხორვატიის, სერბეთისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. დღეს, ამ ოთხეულის გახსნითი შეხვედრები გაიმართა და თავშივე გეტყვით, რომ სერბეთმა, გიბრალტართან დიდი ანგარიშით, 4-0 (ბოროვინა 9', 33' / ჯორჯევიჩი 29' / დამიანოვიჩი 74')  გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა.


აი, მეორე ადგილზე კი, ჯერ-ჯერობით მასპინძელი ხორვატიაა, რომლის 19-წლამდეთა ნაკრებმა, ცოტა უცნაურ ბრძოლაში (რადგან მეორე გოლამდე, ძირითადად ჩვენ გვქონდა მომენტები და ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით) მოგვიგო. მაისურაძის გუნდმა პირველ ტაიმში რეალურად ბურთი გააკონტროლა, თუმცა, 30-ე წუთზე დაცვაში თამაშისას ჩავარდა და გოლი გაუშვა. ზოგადად თამაში უხეში გამოვიდა, რადგან მსაჯს, 7 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. სუბიექტურობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ პირველი ორი ბარათის შემთხვევაში, პირველ მომენტში ნიკოლოზ ჩიქოვანმა აშკარად ბურთზე ითამაშა, ხოლო ჰალიდ დოლტმურზიევს, თანაგუნდელის გამოქომაგებისთვის უჩვენეს ყვითელი (!) - ალბათ, ამ ასაკში, ჯობს, მსაჯებთან კომუნიკაცია მხოლოდ კაპიტნებს ჰქონდეთ, რადგან ფიფა-დან ასაკობრივ გუნდებში, მსაჯებს პირდაპირ „ხსნილი" აქვთ, მსგავსი შემთხვევები ბარათით დაისაჯოს. აღზრდის ერთგვარი მეთოდია ეტყობა.


მეორე ტაიმში, ქართველთა გუნდმა ოდნავ დათმო ბურთი და ხორვატებიც უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ. ჩვენს ნახევარზეც უფრო მეტი დრო გაატარეს და კარის მიმართულებითაც უფრო მეტჯერ დაარტყეს, თუმცა, გოლი რეალურად იმ მომენტს მოჰყვა, რომლის დროსაც ჩვენი გუნდის მეკარის გიორგი ყავლაშვილის კარგი „სეივს", მხარი ვერ აუბა კვლავ დაცვაში თამაშმა  და მეორე გოლი გავუშვით. 76-ე წუთზე, ბაკოვიჩმა გაგვიტანა და ჩვენს სასტარტო შეხვედრა 0-2  (მატჩის ჩანაწერი) წავაგეთ.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა წააგო, ტრადიციულად პირველი თამაში ჩააგდო, თუმცა, კვლავ ინარჩუნებს შანსს, მომდევნო ეტაპზე გააგრძელოს ასპარეზობა. ამისთვის ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთთან 15 ნოემბერს, გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევს.


ჯგუფის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები გიბრალტარის წინააღმდეგ, 18 ნოემბერს, კვლავ ლუჩკოში ჩაატარებს. ჯგუფიდან კი, გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ელიტ რაუნდში, საუკეთესო ორი ნაკრები და 13 ჯგუფში საუკეთესო ერთი მესამე ადგილოსანი  გუნდი გავა.


აქვე გეტყვით, რომ 19-წლამდეთა გათამაშება ამ ფორმატით წელს ბოლოჯერ იმართება და ამის შემდეგ, ეს ასაკობრივი გუნდი, 17-წლამდეთა დივიზიონებზე იქნება დამოკიდებული.


ხორვატიაში მიმდინარე ტურნირში ვასილ მაისურაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია:


მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია), დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ღონღაძე („დინამო თბილისი"); მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი); ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"), ანრი ძნელაძე („დინამო თბილისი"), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), სანდრო რატიანი („იბერია 1999"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა", ბელგია); თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999"), ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი"), დავით კუტალია („თელავი"), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი).