ქალთა თასის ფინალში „კვარტალი“-„ნიკე-ლუსო“ ითამაშებენ
ქალთა თასის ფინალში „კვარტალი“-„ნიკე-ლუსო“ ითამაშებენ
12.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა შორის საქართველოს თასის 1/2 ფინალური თამაშები გაიმართა. ერთდროულად, თბილისის დროით 14:00 საათზე სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრსა და კასპის ცენტრალურ სტადიონზე ორი შეხვედრა პარალელურ რეჟიმში დაიწყო. გათამაშების ამ ეტაპზე, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო ქალთა ლიგის ზედა ოთხეულის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისში, გამართულ შეხვედრაში „კვარტალმა", „ლანჩხუთს" უმასპინძლა და ალბათ, პირველ რიგში სტუმართა გუნდისთვის მოულოდნელად, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში სამივე შეხვედრა მოგებული აქვს, დამარცხდა.


„კვარტალისა" და „ლანჩხუთის" დაპირისპირებაში, ანგარიში 27-ე წუთზე ლიზი კანკიას გოლით გაიხსნა, 61-ზე ნათია წოწერიამ კი, 61-ე წუთზე, მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა. მიუხედავად ამისა, სტუმრები, რომლებმაც, მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მაქსიმალურად შეეცადნენ, ფინალური საგზურის მოპოვებას და სათასო დაპირისპირების ფორმატში, კიდევ ერთ შანს, უშუალო მეტოქესთან ებრძოლათ ტიტულისთვის. ლანჩხუთელთა ლეგიონერის კამარგოს დუბლის (64', 80') გარდა, სტუმრების კიდევ ერთ ლეგიონერს, ონიევუენის ჰქონდა ორი გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, თუმცა, ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა. ერთ მომენტში კი „კვარტალმა" დაიცვა თავი და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა და შესაბამისად, დაინიშნა დამატებითი დრო. აქ კი, მეორე დამატებულ ტაიმში, თავი ანა ძაძუამ გამოიჩინა, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ „კვარტალს" და აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და 118-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. „კვარტალი" საქართველოს ქალთა თასის ფინალშია.


საქართველოს ქალთა თასის ფინალშია 2025 წლის ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „ნიკე-ლუსო", რომელმაც ეს ტიტული, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა და ქალთა ლიგის ბოლო ტურშიც, 17 ნოემბერს, სწორედ „კვარტალს" დაუპირისპირდება. თუმცა, ამ გუნდებს, სათასო ფინალიც ელის, შესაბამისად, „კვარტალს" აქვს შანსი წელი ტიტულით ჩახუროს, „ნიკე-ლუსოს" კი, დუბლი გაიფორმოს და წლის ტრიუმფატორი გახდეს.


დღევანდელ შეხვედრაში, „ნიკე-ლუსომ", კასპის ცენტრალურ სტადიონზე, „ელიტას" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, „ნიკე-ლუსომ" კი, პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში კი თავი სოლანჟიმ და სიტნიკავამ გამოიჩინეს და საბოლოოდ, გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარნენ.

 


ფოტო: „ნიკე-ლუსო"  / მარიამ რევიშვილი