მეორე დღე მიხეილ მესხზე - ეროვნული ნაკრები მზადებას აგრძელებს
მეორე დღე მიხეილ მესხზე - ეროვნული ნაკრები მზადებას აგრძელებს
11.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე დღე მიხეილ მესხი 2-ზე - ამჯერად 21 ფეხბურთელის შემადგენლობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება.


„კერესა", „ლომინა", „ლოჩო-მთრეველი", „ქვილითა", „კვარა", აბუ, ზურიკო, „მექვაბა" და „მამუჩა" - დღევანდელი სავარჯიშო დღის გამარჯვებულები არიან. ვილის სანიოლის გუნდი კი, რა თქმა უნდა ამ ბიჭებთან ერთად, უფერული ოქტომბრის შემდეგ, გვიან შემოდგომაზე, შეეცდება ქართველ გულშემატკივარს განწყობა გამოუსწოროს.


ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში."


გიორგი კვერნაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი".


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები, ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე" გამართავს. თამაშზე, რომელიც თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება დასასწრები ოფიციალური ბილეთების ყიდვა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).


საქართველოს ნაკრები ნოემბრის თამაშებისთვის:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), იური ტაბატაძე („კადისი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გორგი ქვილითაია („არისი", კვიპროსი).


სფფ-ის ფოტო