პირველ სპარინგში დამაჯერებელმა მოგებამ ჩვენი ნაკრები არ მოადუნა - ასათიანი სპარინგებს დადებითად აფასებს
პირველ სპარინგში დამაჯერებელმა მოგებამ ჩვენი ნაკრები არ მოადუნა - ასათიანი სპარინგებს დადებითად აფასებს
10.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე სპარინგი გამანადგურებელი ანგარიშით 10-1 მოიგო. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა, პირველი სპარინგისგან განსხვავებით თითქმის ყველა შანსი გამოიყენეს. ესტონეთთან პირველი მატჩს შემდეგ, რომელიც 9 ნოემბერს გაიმართა თბილისში და ჩვენმა გუნდმა 5-0 გაიმარჯვა, საქართველოს  ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა გამოუყენებელ მომენტებს და ისიც თქვა, რომ საკითხზე, აუცილებლად გუნდთან ერთად, დღევანდელ თამაშამდე ილაპარაკებდა და ეცდებოდა ვითარების გამოსწორებას.


„თეორიულად, შეიცვალა ის, რომ აუცილებელია ვისწავლოთ მომენტების გამოყენება, ვინაიდან, ევროპის ჩემპიონატზე არ გვექნება იმდენი, მომენტი, როგორც ეს ესტონეთთან პირველ თამაშზე გვქონდა. ბუნებრივია, თუ ამას პრაქტიკაში არ გადავიტანდით, რადგან მეორე დღესვე თამაში იყო, თუმცა, ეტყობა, ამ ლაპარაკმა რაღაც შედეგი გამოიღო, რადგან ბიჭები, მეორე თამაშზე უფრო მობილიზებული გამოვიდნენ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


დღევანდელ შეხვედრაში კი, საქართველოს ნაკრებმა ესტონელებს პირველი ტაიმი 4-0 მოიგო. შეხვედრის ამ მონაკვეთში დუბლი ჰქონდა გიორგი ღავთაძეს, რომელმაც საბოლოოდ, პოკერი შეასრულა და ოთხი გოლი გაიტანა (08'36", 15'01", 29'27", 30'28"). ორი ფეხბურთელის ლევან სვანიძისა (10'02", 26'54") და ჯანიკო გიორგაიას (23'33", 34'52") ანგარიშზე კი დუბლია. თითო გოლი გაიტანეს ჯანო კვარაცხელიამ (27'23") და შოთა თოფურიამ (03'42"), რომელმაც ღავთაძის გადაცემის შემდეგ, ამ შეხვედრაში გოლების ათვლა დაიწყო.


განსხვავებით, ესტონეთთან ჩატარებული პირველი სპარინგისგან, ამჯერად ასათიანმა სასტარტო შემადგენლობა შეცვალა და კარის დაცვლა, ახლაგაზრდა ლუკა ხარშილაძეს მიანდო. სასტარტოდან დაიწყო საბა ტყეშელაშვილმა, გიორგი ღავთაძემ, ჯანო კვარაცხელიამ, ვახტანგ კეკელიამ.


სათადარიგო სკამი კი დღეს ასე გამოიყურებოდა - მეკარეები: ბექა ტყემალაძე და თორნიკე ბუკია; წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, გიორგი ჩიმაკაძე,  ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე, ლევან სვანიძე, ნუკრი ჭუმბურიძე.


ესტონეთის ნაკრებთან პირველი თამასის შემდეგ, ასათიანმა აღნიშნა, რომ ესტონეთი არ იყო იმ სიძლიერის ნაკრები, რომლებთანაც საქართველოს ფუტსალის ეროვნულს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს დაპირისპირება. თუნდაც ლატვიასთან, რომლის მსგავსადაც ესტონეთი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი ამ თამაშებიდან სარგებელის გამოტანას ცდილობს - ამ სპარინგებმა დადებითი ის დაგვანახა, რომ პირველი თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები არ მოდუნდნენ. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ამ სანაკრებო ფანჯრის დროს გუნდმა განწყობა და მოტივაცია შეიქმნა.


„ესეთი თამაშები, ევროპის ჩემპიონატის წინ, ძალიან გეხმარება. ვდომინირებდით, ბურთის კონტროლი გვქონდა. ბევრი გოლი გავიტანეთ, რაღაც კომბინაციებიც დავამუშავეთ. ვეცდებით, რომ ეს ფორმა შევინარჩუნოთ - ცალი თვალით იანვრისკენ ვიყურებით. ისეთ ტურნირზე თამაში, როგორც ევროპის ჩემპიონატია არის ძალიან დიდი მოტივაცია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


და ბოლოს დავძენთ, რომ ესტონეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. დიდი ალბათობით, ჩვენი გუნდი დეკემბერში კიდევ გამართავს მოსამზადებელ სპარინგს. 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით კი, ზედიზედ მეორედ მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩეპიონატში, რომელსაც სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა მასპინძლობენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ხაზგასასმელია, რომ წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კარდინალურად შეიცვალა (გუნდში აღ არის არც ერთი ნატურალიზებული ლეგიონერი), ამ ფორმაციითაც ახერხებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას და A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ჯგუფის პირველ ორ შეხვედრას რიგაში, ბოლოს კი კაუნასში ითამაშებს.


 სფფ-ის ფოტო