ლიგა 1-ში გატეხილი ნავსი და პრემიერ ლიგაში აღებული პენალტი - ქართული ლეგიონი დღეიდან თბილისში იკრიბება
ლიგა 1-ში გატეხილი ნავსი და პრემიერ ლიგაში აღებული პენალტი - ქართული ლეგიონი დღეიდან თბილისში იკრიბება
10.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ნოემბერში გასამართი შეხვედრებისთვის მზადებას დაიწყებს. თბილისში ჩამოსვლამდე, ჩვენებმა ევროპულ სარბიელზე „ავტოგრაფები" დატოვეს, მაგალითად, „მამარდამ" ჰაალანდს პენალტი აუღო, „კვარამ" კი, „ლიონს" გაუტანა - ეს, ქართველის პირველი გოლი იყო, საფრანგეთის ლიგა1-ში მიმდინარე სეზონში. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით...


ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრებს ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ, მედიასაც შეხვდა გაირკვა, რომ ნოემბრის თამაშებში ჩვენს გუნდს ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარებოდნენ. გიორგის ტრავმის სირთულეზე შევეცდებით უფრო დეტალურად გავიგოთ და თქვენც შეგატყობინოთ, მანამდე კი, გეტყვით, რომ „ბომბარდირს" კვირისთავის იოგის პრობლემა აქვს. მათ არყოფნაში, სანიოლმა გიორგი ქვილითაია და იური ტაბატაძე იხმო. საინტერესოა, რომ ტაბატაძემ მორიგ ჯერზე სტაბილური შეხვედრა ჩაატარა ესპანურ ლა ლიგა 2-ში. მისმა გუნდმა ფრედ, 0-0 ითამაშა „ვალიადოლიდის" წინააღმდეგ. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 80 წუთი გაატარა.


კვიპროსის ლიგის მე-10 ტურში, „არისის" შემადგენლობაში სრული შეხვედრა ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ, რომლის გუნდმაც „კრასავა" 3-0 დაამარცხა. ქართველმა 90 წუთი ითამაშა და ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კვლავ პენალტი გაიტანა. 10 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 23 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფს „ომონიასთან".


ავსტრიის ბუნდესლიგიდან საგოლე გადაცემით მოდის ოთარ კიტეიშვილი, რომლის გრაცის „შტურმმაც" ფრედ, 1-1 ითამაშა „ზალცბურგთან". საშინაო შეხვედრაში, გრაცელებმა ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გახსნეს, როდესაც კიტეიშვილის გადაცემით, გრგიჩმა გაიტანა. „კიტე" 82-ე წუთზე შეცვალეს, მის „შტურმს" კი, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 22 ქულით მესამე ადგილზეა.


გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი", მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში „ლევერკუზენთან" 6-0 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, 33-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუს გუნდი, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. 4 ქულით მეტი აქვს და 13 ქულა აქვს გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს". ქართველის გუნდმა ფრედ, 1-1 ითამაშა „დორტმუნდთან". „გოჩოლამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 74 წუთი დაჰყო.


გერმანის მეორე ბუნდესლიგაში ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა შეხვედრა ლუკა ლოჩოშვილმა, რომლის „ნიურბერგმაც" გასვლით შეხვედრაში 1-2 დაამარცხა „დრეზდენი" და 15 ქულით, სატურნირო ცხრილში, მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „რომას" წინააღმდეგ არ უთამაშია საბა გოგლიჩიძეს, თუმცა, ქართველი განაცხადში იყო.


ნოემბრის შეკრებაზე გამოძახებული კიდევ ორი ქართველი მცველის გუნდმა სლოვაკეთის ჩემპიონატში მოიგო. გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანმა", 3-2 დაამარცხა „კამარნი", თუმცა, „კაშო", განაცხადშიც კი არ ყოფილა. რაც შეეხება ნაკრების ახალწვეული ალექსანდრე ნარიმანიძეს, 20 წლის ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო, მისმა „ჟილინამ" კი, „მიხალოვცე" 2-0 დაამარცხა.


ქართველების გუნდებმა მოიგეს პორტუგალიის ლიგაშიც. ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა" უხვგოლიან შეხვედრაში, 4-3 დაამარცხა „აროუკა". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ერთი ტაიმი ითამაშა. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს", „სანტა კლარასთან" გასვლით შეხვედრაში 1-2 გაიმარჯვა, თუმცა, ქართველი სათადარიგო სკამზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 3 ფეხბურთელი გააძევეს. აქედან ორი მასპინძელთა მხრიდან. 11 ტურის შემდეგ, „სპორტინგი" 28 ქულით მეორე ადგილზეა, რაც შეეხება „ეშტორილს" 13 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.


იტალიის სერია B-ში ფრედ, 2-2 ითამაშა გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" საშინაო შეხვედრა „მოდენასთან".  ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 73 წუთი დაჰყო. მისი გუნდი, ამ მომენტისთვის 22 ქულით მე-4 ადგილზეა.


ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩემპიონატში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა „ბორაცი ბანია ლუკა" საშინაო შეხვედრაში. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გულიაშვილის გადაცემის შემდეგ გავიდა. ქართველი 89-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი, 21 ქულით მე-4 ადგილზეა.


ფრედ, 2-2 ითამაშა გაბრიელ სიგუას „ლოზანა სპორტმა" შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-13 ტურის საშინაო შეხვედრა „სიონთან". ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ოთხი გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. „ლოზანა" 16 ქულით მე-8 ადგილზეა.


უკრაინის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, გასვლით შეხვედრაში, ნიკა გაგნიძის „კოლოსი კოვალივკამ" 1-3 დაამარცხა „კუდრიევკა". ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და პირველად, 24-ე წუთზე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა", თუმცა, მოგვიანებით, მე-80 წუთზე, სწორედ, მისი გადაცემით გავიდა მეორე გოლი. გაგნიძის გარდა, ამ შეხვედრაში ზურა რუხაძემაც ითამაშა.


ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია კრაიოვა" „უტა არადისთან" საშინაო შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გასულა. ქართველის გუნდი, რუმინეთის სუპერლიგაში 16 ტურის შემდეგ, 29 ქულით, მე-4 ადგილზეა.


გადავინაცვლოთ საფრანგეთში, სადაც ქართველთა დღევანდელი ნაკრების ყველაზე მეტი წარმომადგენელია. საფრანგეთის ლიგა 1-ში, მიმდინარე სეზონში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პირველი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველის პსჟ-მ დღეს მორიგი დრამატული ორთაბრძოლა მოიგო, ამჯერად გასვლაზე „ლიონი" დაამარცხა. პსჟ, ორჯერ იგებდა, თუმცა, ჟორჟის ყოფილმა გუნდამ ორჯერ გაათანაბრდა. საბოლოოდ, პარიზელებმა ჟოაო ნევეშის გოლით მოიგეს, ამ დროს „კვარა" მოედანზე უკვე არ იყო, თუმცა, ქართველი, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ტოპ ხუთი ჩემპიონატის 33-ე გოლი კი, ქართველმა ვიტინიას გადაცემით, 33-ე წუთზე გაიტანა.


პსჟ, 27 ქულით, სანაკრებო შესვენებაზე პირველი ადგილით გავიდა. 11 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა „მეცი". გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის გუნდმა, საშინაო შეხვედრაში 2-1 დაამარცხა „ნიცა". „წიტამ", „მეცის" შემადგენლობაში სრული შეხვედრა ჩაატარა, აი აბუ, კი, მინდორზე არ გამოსულა, თუმცა, განაცხადში იყო.


საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" გასვლით შეხვედრაში 2-3 დაამარცხა „ტრუა", ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოსულა. ამ მომენტისთვის „სენტ ეტიენი" 26 ქულით, გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზეა და „ტრუას" 2 ქულით ჩამორჩება.


ინგლისის პრემიერ ლიგაში, „მამარდამ" ჰაალანდს, პენალტი აუღო, რომელიც, თავადვე აიკიდა. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული", „მანჩესტერ სითისთან" დამარცხდა. თუმცა, ქართველის თანაგუნდელებს, ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ და  წინაც გასვლის, თუმცა, ამ დღეს გოლები, მართო „სითის" გაჰქონდა. რაც შეეხება პენალტს, „ლივერპულის" კარში ის, მე-13 წუთზე დაინიშნა, შესაბამისად, „მამარდას" გარჯა, თანაგუნდელებისგან უნდა დაფასებულიყო, თუმცა... 11 ტურის შემდეგ, „ლივერპულს" მხოლოდ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.


რაც შეეხებათ ნაკრებში გამოძახებულ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს, მათ შესახებ, ელიგის ტრადიციულ მიმოხილვაში გიამბეთ.


დღეისათვის ეს იყოს და ცოტა ხნით, საკლუბო ფეხბურთიდანაც სანაკრებოსკენ გადავინაცვლოთ.